კალენდარი

arrow ნოემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
2021222324
25
26
27282930   

პროცედურა

ავტორიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

1) საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;
2) ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა;
3) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
4) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;
5) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა;
6) ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა;
7) გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება.

ავტორიზაციისა და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებლად ცნობიდან 180 დღის განმავლობაში.

1) საავტორიზაციო განაცხადი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) თვითშეფასების შევსებული კითხვარი;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობის მომწესრიგებელი დოკუმენტის (წესდება ან  სხვა) დამოწმებული ასლი;
გ) ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები: 
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა 
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში 
ბანკის კოდი - TRESGE22 
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)


2) ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა
ცენტრი 3 დღის ვადაში ამოწმებს საავტორიზაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.
თუ განმცხადებელი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი განმცხადებელს  განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შესახებ და სტატუსის მაძიებელს განუსაზღვრავს ავტორიზაციის საფასურს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბერს  N 99/ნ ბრძანების შესაბამისად.
თუ დაწესებულება დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ.

3) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა
ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.
ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 დღის ვადაში.
დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.
ავტორიზაციის მიზნებისთვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა, კერძოდ, თუ ექსპერტი:
ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;
ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია (პირდაპირი ხაზის ნათესავი; მეუღლე, მეუღლის  და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;  აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები).
გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
დ) არის ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
ე) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;
ვ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც  წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს.
ზ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.

ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.
ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში,  ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს ვიზიტს.
ვიზიტის ხანგრძლივობა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა დაწესებულების პროგრამების რაოდენობისა და რესურსების მოცულობის შესაბამისად განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4) საავტორიზაციო ვიზიტი
ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს და უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების ფარგლებში დასკვნის მომზადებას.
ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია:
საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულების თვითშეფასების შევსებული კითხვარი და თანდართული დოკუმენტაცია, დაადგინოს მისი შესაბამისობა ავტორიზაციის სტანდარტებთან;
საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეამოწმოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს პერსონალისა და სტუდენტების ინტერვიუირება.
ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგი.
დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს ავტორიზაციის ექსპერტებს საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს წარმოება.

5) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა
საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა. დასკვნა აღწერს თვითშეფასების კითხვარში შესული მონაცემების ნამდვილობასა და ამ მონაცემების თითოეულ სტანდარტთან შესაბამისობას. დასკვნის ფორმა მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6) ზეპირი მოსმენა
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომში -  საბჭო) ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.
ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე.  დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში - მოადგილე. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ცენტრისა და ავტორიზაციის მაძიებლის წარმომადგენლები, ასევე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში შემავალი ექსპერტები უფლებამოსილი არიან,  მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში.
საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.
სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს  დასკვნაში მოყვანილი მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ავტორიზაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა ვიზიტის შემდეგ.
საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

7) გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება
საბჭო ზეპირი მოსმენისა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების საფუძველზე სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის  შესახებ, თუ მაძიებელი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს;
ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს.
გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
ავტორიზაციის ვადა 6 წელია.
გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრა


მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს განსაზღვრავს ავტორიზაციის საბჭო. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია საგანმანათლებლო დაწესებულების განაცხადი ავტორიზაციის საბჭოს წინაშე. საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დაასაბუთოს, რომ მის მიერ მოთხოვნილი მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობა განპირობებულია საგანმანათლებლო პროგრამის თავისებურებებით, საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობითა და მათი კვალიფიკაციით, ასევე მატერიალური რესურსი იძლევა ამ რაოდენობის მოსწავლეთათვის/პროფესიულ სტუდენტთათვის/სტუდენტთათვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობას. ავტორიზაციის საბჭო განიხილავს განაცხადს და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია დაეთანხმოს საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნას ან შეამციროს მის მიერ მოთხოვნილი მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობა.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge