კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

საერთაშორისო კონფერენციები

თანამშრომლობა ესტონეთთან

29 მაისი, 2015

ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მინისტერიალის კონფერენციასა და რიგით მეოთხე ბოლონიის პოლიტიკის ფორუმის ფარგლებში, 14 მაისს, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის გიორგი შარვაშიძისა და ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციას შორის. 

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და ესტონეთში განათლების სფეროში არსებული სიტუაციის, კერძოდ, სკოლამდელი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში ხარისხის უზრუნველყოფისა და დაფინანსების სისტემის შესახებ. 
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ესტონეთის მხარეს გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სურვილი ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის საქართველოში მოწვევის შესახებ. 

ესტონეთის მხარემ, რომელსაც წარმოადგენდა უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ანა კივიმე, აღნიშნა, რომ ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაინტერესებულია უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხებზე თანამშრომლობით. 
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის ინტერნაციონალიზაცია. ამჟამად, სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აქვს უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) აფილირებული ორგანიზაციის სტატუსი და ამ ორგანიზაციის მიერ გაწევრიანების პროცედურებისა და სტანდარტების განახლების შემდეგ, იგეგმება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სრული წევრობის მისაღებად განაცხადის შეტანა. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სურვილს წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით მსურველებს შესთავაზოს ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. პროგრამები გაივლიან საერთაშორისო აკრედიტაციას ABET-ის მიერ. მისი თქმით, პროექტი გამტკიცებულია ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგებით, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში ფიზიკის, მათემატიკისა და ასტრონომიის მიმართულებით მაღალი სამეცნიერო პოტენციალია. 

ქართულმა მხარემ გამოთქვა თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი ტალინის, ტარტუს უნივერსიტეტებსა და ესტონეთის ბიზნეს სკოლასთან. 

ესტონეთის მხარემ აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარეობს მცირე გიმნაზიებისა და ზოგადი სკოლების განცალკევების პროცესი. ესტონური მხარე გეგმავს დიდ ქალაქებში საჯარო გიმნაზიების დაარსებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალგაზრდების მომზადებას საუნივერსიტეტო განათლებისათვის. პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათვის, ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორიელებს პროექტს, რომლის ფარგლებში რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს პროფესიული განათლების კრედიტების აღიარებას საბაკალავრო დონეზე საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრის მიზნით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge