კალენდარი

arrow ოქტომბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სიახლეები

„პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” დაიწყო

15 სექტემბერი, 2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი პროგრამა ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში ერთდროულად 20 000 ადამიანს ჩაუტარდება უფასო ტრენინგები. პროგრამის მონაწილეები ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში გადამზადდებიან. პროექტი ახალ გზებს უხსნის 22 წლის და ზევით ადამიანებს - გაიღრმავონ ცოდნა და მოემზადონ მომავალი დასაქმებისთვის.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე რუსთავის გადამზადების ცენტრს ეწვია და  მსმენელებს შეხვდა. ტრენინგები 15 სექტემბერს დაიწყო და  15 ნოემბერს დასრულდება.

პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგების ცენტრები  შემდეგ ქალაქებში გაიხსნა: რუსთავი, თელავი, გურჯაანი, გორი, ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, ზესტაფონი, ჭიათურა, ქუთაისი, სამტრედია, ტყიბული, ონი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ოზურგეთი,  მესტია.

სამუშაო ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში საჭიროა, დაუსაქმებელ ადამიანს ჰქონდეს ის უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება საკუთარი თავის პრეზენტაციაში დამსაქმებლის წინაშე. ასევე, აღჭურვილი იყოს იმ უნარებით, რომელიც მას გაუადვილებს გზას დამსაქმებლამდე, დაეხმარება ამ გზების მოძიებაში და საბოლოო მიზნის მიღწევაში. გარდა პროფესიისა, მას სჭირდება ახალი ტექნოლოგიების - კერძოდ, კომპიუტერული  უნარ-ჩვევებისა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.

ტრენინგები მონაწილეებს დაეხმარება აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები; როგორ დაგეგმონ  კარიერა;  როგორ სრულყონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ დამსაქმებლის წინაშე წარსადგენად სჭირდებათ. ტრენინგები მიზნის მიღწევაში იმ ადამიანებსაც დაეხმარება, ვისაც სურთ წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, ისინი შეძლებენ შეიმუშაონ ბიზნეს იდეა, აირჩიონ ბიზნესის სახეობა, შეადგინონ ბიზნეს გეგმა, გაიზიარონ მცირე ბიზნესის მართვის პრინციპები, ისწავლონ ფინანსების მოძიების ხერხები, შექმნან საკუთარი სამეწარმეო ორგანიზაცია და უხელმძღვანელონ საქმიანობას.

წლების განმავლობაში რეგიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს სასწავლო ცენტრებისა და ინტერნეტიზაციის არარსებობისა გამო, განუვითარებელი ინფრასტრუქტურისა და არასაკმარისი სამუშაო ადგილების გამო, არ მიეცა ზემოთ აღნიშნული უნარების განვითარების საშუალება. მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურა განვითარდა, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები დამსაქმებლებს გაუჩნდათ კვალიფიციური კადრების პრობლემა.

პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონების გაძლიერებას. შეიქმნება კონკურენტული სამუშაო ძალა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, ადგილობრივი ბიზნესის მდგრადობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღნიშნული სამუშაო ძალა გახდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მდგრადობის გარანტია რეგიონის სტრუქტურებისთვის.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge