კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
678
9
101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გამო გამოწვეული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს კომენტარს

13 მარტი, 2013

აღნიშნული კომენტარი არ წარმოადგენს ოფიციალური იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებად ითვლება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმი და მიღებული გადაწყვეტილება.
 
 
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მიხედვით  ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი შესაძლებელია გახდეს დაწესებულების ავტორიზაციის 3 სტანდარტიდან, თუნდაც ერთ-ერთთან  შეუსაბამობა, ან/და უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტის ჩარიცხვა/ამორიცხვის კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა.
 
 
ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმას, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიერ დადასტურდა ავტორიზაციის სამივე სტანდარტის დარღვევა, ასევე, სტუდენტის სტატუსის შეჩერების კანონით დადგენილი წესის უგულებელყოფა. საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებით, დადგინდა 7 დარღვევა, რომელთაგან თითოეული კანონით არის უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.
 
1. სტუდენტების გარიცხვა
 
დარღვეულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი და „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტრორიზაციის დებულების“ 32-ე მუხლი:
 
აგრარულ უნივერსიტეტს თავისი აქტით დადგენილი აქვს ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტისათვის სტატუსის შეწყვეტის შესაძლებლობა, რაც  არალეგიტიმურად ლახავს სტუდენტების უფლებებს. კანონმდებლობით, ფინანსური დავალიანება  უნდა წარმოადგენდეს სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების და არა მისი შეწყვეტის საფუძველს. განსხვავება მნიშვნელოვანია, ვინაიდან, სტატუსშეჩერებულ სტუდენტს შეუძლია სტატუსის აღდგენა 5 წლის განმავლობაში, ხოლო სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტიდან 12 თვის გასვლის შემდეგ პირს ხელახლა მოუწევს ჩააბაროს გამოცდები და ხელახლა ჩაირიცხოს უნივერსიტეტში.
 
შესაბამისად, დაწესებულებაში მოქმედი  რეგულაცია არის სტუდენტის ინტერესებისთვის საზიანო და კანონშეუსაბამო. ავტორიზაციის დებულების სტანდარტი ითხოვს, დაწესებულებას ჰქონდეს სტუდენტის სტატუსის მარეგულირებელი დოკუმენტები, ამ შემთხვევაში, დაწესებულებამ კანონშეუსაბამო ნორმების შემცველი დოკუმენტები წარმოადგინა.
 
 
2. დოქტორანტურა
 
დარღვეულია „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 32-ე მუხლი:
 
დაწესებულება აკრედიტაციის გავლის გარეშე ახორციელებდა სადოქტორო პროგრამას, რაც პირდაპირ აკრძალულია  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამასთან,  დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში არ მომხდარა ამ პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის სტუდენტის სტატუსის  შეჩერება. ამ პერიოდში, სტუდენტებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლება, დაიცვეს დისერტაციები, მიიღეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და ა.შ.
 
3.  აღიარება
 
დარღვეულია „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-9 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტი:
 
დაწესებულებამ დაარღვია კანონით დადგენილი უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესი - კერძოდ, აღიარების პროცედურების გავლისა და კრედიტების სათანადო წესით აღიარების გარეშე მიანიჭა ბაკალავრის კვალიფიკაცია და გასცა დიპლომი სტუდენტებზე, რომლებმაც საზღვარგარეთ (სომხეთში) ისწავლეს.
 
4. ადამიანური რესურსების ხარვეზები
 
დარღვეულია „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-11  მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტი:
 
ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის პროგრამებისათვის დაწესებულებას არ ჰყავს პროფესორები და ახორციელებს პროგრამას მხოლოდ მოწვეული მასწავლებლების მეშვეობით. მხოლოდ მოწვეული მასწავლებლების მიერ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება არის ავტორიზაციის სტანდარტის დარღვევა ადამიანური რესურსების ნაწილში და ზემოთ აღნიშნული ხარვეზების ანალოგიურად, ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.
 
 
5. დარღვევა აკადემიური კონკურსების  ნაწილში
 
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტრორიზაციის დებულების“ მე-11  მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტი ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34, 35-ე მუხლები:
 
გამოვლინდა, რომ აკადემიური პერსონალის შერჩევას აგრარული უნივერსიტეტი ახორციელებდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დარღვევით: მონიტორინგის ვიზიტის შედეგად დადგინდა  ჩატარებული კონკურსების კანონთან შეუსაბამობა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კონკურსი თავად უნივერსიტეტის მიერ მონიტორინგის ვიზიტის შემდეგ, ბათილად იქნა ცნობილი. ხოლო, ახალი კონკურსი, რომლითაც დაწესებულება გეგმავდა დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას, ასევე, ჩატარდა კანონმდებლობით დადგენილი შეფასების პროცედურისა და ვადების დარღვევით. აკადემიური პერსონალის შერჩევის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვა არის ავტორიზაციის სტანდარტის იმპერატიული მოთხოვნა და მისი დარღვევა მიჩნეულია ავტორიზაციის გაუქმების საფუძვლად.
 
6. ბიბლიოთეკა
 
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტრორიზაციის დებულების“ მე-10 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტი
 
დაწესებულების ბიბლიოთეკაში არ ყოფილა და ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემულ ვადებში არ იქნა მოძიებული რიგი სასწავლო კურსების სავალდებულო სასწავლო ლიტერატურა, რითაც დადასტურდა, რომ დაწესებულების ბიბლიოთეკა არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტს.
 
7. საკადრო დოკუმენტაცია
 
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-11  მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტი.
 
პერსონალთან მიმართებაში მთელი რიგი ხარვეზები და შეუსაბამობები იყო შრომითი ხელშეკრულებებისა, თუ დანიშვნის ბრძანებების შინაარსში.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ -  საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს გაუუქმდა ავტორიზაცია, ამასთან, არსებული სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, საბჭოს გადაწყვეტილება ამოქმედდება გაზაფხულის (მიმდინარე) სემესტრის დასრულების შემდეგ.
 
 
 
 
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის  შემოწმება ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც ხორციელდება 2010 წლიდან და ამ პერიოდის განმავლობაში გადამოწმდა და გადამოწმების უარყოფითი შედეგების საფუძველზე ავტორიზაცია გაუუქმდა შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს:
 
•    შპს - კავკასიის აკადემიური ცენტრი;
•    შპს - წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
•    შპს - დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „იბერია“;
•    შპს - თბილისის უნივერსიტეტი მეტეხი;
•    შპს - სასწავლო უნივერსიტეტი „ინტერფარმ+“;
•    შპს - სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტი;
•    საერთაშორისო სამართლისა და მართვის ქართულ ბრიტანული აკადემია.
 
2012-2013 წლების განმავლობაში მონიტორინგის სამსახურის მიერ გადამოწმებულ იქნა: 96 ზოგადსაგანმანათლებლო, 2 პროფესიული და 2 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
 
 
 
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ ავტორიზაციის საბჭოს შეთანხმება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გაზაფხულის (მიმდინარე) სემესტრის დასრულებისთანავე ამოქმედების თაობაზე, დაეყრდნო საბჭოს მიერ გასულ წლებში მიღებულ არაერთ ანალოგიურ გადაწყვეტილებას (მაგალითად, შპს - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, შპს - თბილისის საბანკო-საფინანსო და მენეჯმენტის სასწავლო უნივერსიტეტი). ყველა ასეთ შემთხვევაში საბჭოს გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო საჯარო ინტერესებით, სტუდენტთა განათლების უფლების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე.
 
შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გაზაფხულის (მიმდინარე) სემესტრის დასრულებისთანავე ამოქმედების თაობაზე არ იყო მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტის შემთხვევაში გამოყენებული ერთჯერადი აქტი და დაეყრდნო ავტორიზაციის საბჭოს პრეცედენტებს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge