კალენდარი

arrow სექტემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
171819
20
212223
24252627282930
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების განხილვისა და დამტკიცების პროცესი გრძელდება.

4 ივლისი, 2018

 მიმდინარე წლის 28 ივნისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭომ, (რომელიც დაკომპლექტებულია 11 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, კერძო სკოლების ასოციაციის, კერძო და საჯარო სკოლების მიერ წარმოდგენილი დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით), მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის შემუშავებული ახალი დაგრობრივი მახასიათებლის პროექტი განიხილა.

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემამ“, რომელიც 2015 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, განსაზღვრა მასწავლებლის მომზადებისათვის ალტერნატიული გზები: ძირითადი - ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო (300 კრედიტიანი) პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულს ენიჭება განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია (ზოგადი განათლების საფეხურის/საგნის/საგანთა ჯგუფის მითითებით); და, მოკლე გზა - მასწავლებლის მომზადების სასერტიფიკატო (ე.წ. 60 კრედიტიანი) პროგრამა. ეს უკანასკნელი, როგორც მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მოკლე გზა, მასწავლებლობის შესაძლებლობას აძლევს იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ გავლილი მასწავლებლის განათლების 300 კრედიტიანი პროგრამა, თუმცა აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მაშასადამე, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის მიზანია უზრუნველყოს კურსდამთვრებულის ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებების თაობაზე, აგრეთვე, საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უკვე 2 წელია ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამებს ძველი დარგობრივი მახასიათებლის საფუძველზე. თუმცაღა, მიმდინარე ეტაპზე, „მასწავლებლის განათლების“ ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო (300 კრედიტიანი) პროგრამებისათვის ახალი დარგობრივი მახასიათებლის ამოქმედებამ, (რომელიც მიმდინარე წლის იანვრის თვეში ცენტრის დირექტორის ბრძანებით (N08-03/01/2018) დამტკიცდა), მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველმდებარე დარგობრივი მახასიათებლის გადახედვისა და ძირითადი კომპეტენციების ახალ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროება განაპირობა.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ახალი დარგობრივი მახასიათებელი დაეყრდნო მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა - თუ რა თეორიული ცოდნის შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბება ესაჭიროება მომავალ მასწავლებელს. ახალი დარგობრივი მახასიათებელი სტრუქტურულად შედგება 3 უმთავრესი კომპეტენციის სფეროსგან: პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება; მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება (სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სასწავლო პროცესის შეფასება); პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

ამ ახალ დარგობრივ მახასიათებელში განსაკუთრებულად ეთმობა ყურადღება იმ მინიმალურ მოთხოვნებს ტექნიკური თუ ადამიანური რესურსისადმი, აგრეთვე, სწავლებისა და შეფასების სპეციფიკურ მეთოდებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თეორიული ცოდნის განვითარებისა და პრაქტიკაში მისი გამოყენების, სპეციფიკური პროფესიული უნარ-ჩვევებისა და დარგობრივი კომპეტენციების შეძენა-განმტკიცებაში.

მაშასადამე, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ახალი დარგობრივი მახასიათებელი მკაფიოდ განსაზღვრავს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსს, აგრეთვე განხორციელების მინიმალურ მოთხოვნებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კურსდამთვრებულის ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებების შესახებ და შეძლოს საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.

მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამებისათვის შემუშავებული დარგობრივი მახასიათებლის წარმოდგენილი პროექტის საბჭოზე განხილვას წინ უძღოდა სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა. მასწავლებლის მომზადების საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, აგრეთვე, შემუშავება-განხილვის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ინფორმაცია სამუშაო ჯგუფების მუშაობის თაობაზე პერიოდულად იტვირთებოდა ცენტრის ვებ-გვერდზე.

განათლების მიმართულების დარგობრივი საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს დარგობრივი მახასიათებლის წარმოდგენილ პროექტს, დაადასტურეს მისი მაღალი ხარისხი, შესაბამისობა მასწავლებლის განათლების დარგობრივი მახასიათებლის საკვანძო მოთხოვნებთან. საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ცენტრის დირექტორისათვის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამებისათვის დარგობრივი მახასიათებლის დასამტკიცებლად წარდგენის რეკომენდაციას

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge