კალენდარი

arrow აგვისტო 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10
11
1213141516
17181920212223
24252627282930
31      

სიახლეები

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა

12 თებერვალი, 2020

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები მომზადდა კანონის "პროფესიული განათლების შესახებ" შესაბამისად და დაეფუძნა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ჩარჩოს, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

ახალი სტანდარტების საფუძველზე, დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან ერთად, შეფასდება კოლეჯის სტრატეგიული ხედვა, სტუდენტური სერვისები, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები და მეტი აქცენტი გაკეთდება პროგრამის ხარისხზე.

ექსპერტთა მხრიდან დაწესებულების შეფასების მიდგომა და, ზოგადად, პროცედურა ხდება კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული. ნაცვლად ხისტი, ორდონიანი შეფასებისა, ინერგება მოქნილი და კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული ოთხდონიანი შეფასების სისტემა, რაც სტანდარტებთან ნაწილობრივ ან მეტწილ შესაბამისობასაც ითვალისწინებს.

კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ავტორიზაციის დებულება მთლიანად გადამუშავდა პროფესიული განათლების ნაწილში და, სხვა მნიშვნელოვან სიახლეებთან ერთად, გაითვალისწინა პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირების შესაძლებლობა. შედეგად, კოლეჯებს უკვე შეუძლიათ ცენტრს მიმართონ საშუალო პროფესიული პროგრამების ავტორიზაციისთვის და საბაზო განათლების (მე-9 კლასი) მქონე სტუდენტებს, პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრული ზოგადი განათლებაც მიაწოდონ.

აღნიშნული ცვლილებები წელიწადნახევრის განმავლობაში მზადდებოდა და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა იყო უზრუნველყოფილი. პროცესში მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ავტორიზაციის საბჭოების, ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.

სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ცენტრი გეგმავს მნიშვნელოვან ღონისძიებებს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის, საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, ავტორიზაციის ექსპერტთა სერტიფიცირების მიმართულებით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge