კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324
25
2627
282930    

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

16 სექტემბერი, 2020

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 11 სექტემბერს ცვლილებები შევიდა აკრედიტაციის დებულაბაში. ცვლილებები ძირითადად შეეხო შემდეგ საკითხებს:

· აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების ნაწილში მოცემული ტერმინოლოგია შესაბამისობაში მოვიდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან;

· უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ერთი სააკრედიტაციო განაცხადით წარმოადგინოს ისეთი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით გადის ერთი და იმავე დეტალური სფეროს ერთზე მეტ, მაგრამ არაუმეტეს სამ კვალიფიკაციაზე (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა);

· უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განმეორებით აკრედიტაციაზე სააკრედიტაციო განაცხადის აკრედიტაციის დებულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნულით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საგანმანათლებლო დაწესებულებას;

· თუ აკრედიტაციის საბჭო სასწავლო წლის მანძილზე მიიღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ, საბჭო უფლებამოსილია უსდ-ს შუამდგომლობით, სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებითა და სასწავლო პროცესის უწყვეტობის დაცვით, საშუალება მისცეს სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა დაასრულონ აკრედიტებულ რეჟიმში, ხოლო გადაწყვეტილება აკრედიტაციაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ ძალაში შევა მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებისას; .

· ხელახალი სააკრედიტაციო წარმოებისას, სრული ან პირობითი აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უსდ-ს შუამდგომლობის საფუძველზე მომდევნო აკრედიტაციის ვადის ათვლა შესაძლოა დაიწყოს მიმდინარე აკრედიტაციის დასრულების მომდევნო დღიდან ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან. ამასთან, თუ უსდ-სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, საბჭოს მიერ სრული ან პირობითი აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული აკრედიტაციის საფასურის გადახდიდან 180 კალენდარული დღის მანძილზე, შესაძლოა გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვროს განსხვავებული წესით;

· აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის დასახელების, სწავლის შედეგ(ებ)ის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურის (ძირითადი სწავლის სფეროს კომპონენტების და მისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობის არანაკლებ 30%-ით ცვლილება - დამატება ან/და ამოღება, რაც არ ცვლის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგებს ან/და კონცენტრაციის დამატება ან/და ამოღება) ცვლილების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და წარუდგინოს შეცვლილი საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ცვლილებების განხორციელების მიზეზი და მის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტი.

· საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამაში მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელების ცვლილება ან/და არსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაყოფა დასაშვებია, თუ აღნიშნული უკავშირდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანას ან არსებულ დარგობრივ მახასიათებელში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოყვანას. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები არ განიხილება ახალ პროგრამად/პროგრამებად;

· იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანა გამოიწვევს საგანმანათლებლო პროგრამის ორ ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამად გაყოფას, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია იმავე კალენდარული წლის განმავლობაში გაყოფილი საგანმანათლებლო პროგრამები, მიუხედავად მათი დეტალური სფეროს კოდებისა, მოიყვანოს შესაბამისობაში ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან.

გარდა ზემოაღნიშნულია, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა შემდეგი სახის ცვლილება:

· საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის ბრძანების გაცნობიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები თვითშეფასების ანგარიშში ასახულ ინფორმაციასთან ან/და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით.

· საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების სრულად სანახავად მიჰყევით ბმულს: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4989818?publication=0

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge