კალენდარი

arrow ოქტომბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19
20
2122232425
262728293031 

პროფესიული განათლება

საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ განსაზღვრავს პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებს:

ა) ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა;

ბ) სოციალური ინკლუზიის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;

დ) საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო

სივრცესთან დაახლოება და შეთავსებადობა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებითა და დიპლომის გაცემით.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სახეებია:

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი - რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები.

დაწესებულება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მოიპოვებს ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული პროცედურების და სტანდარტების შესავბამისად, ავტორიზაციის მოპოვების გზით. მხოლოდ ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომის გაცემის უფლება. ავტორიზაციის პროცედურის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი ავტორიზაციის მოპოვების გარეშე აქვთ უფლება განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. მათ შორის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს განახორციელოს საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა.

პროფესიული განათლება ხორციელდება:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, რომლის სახეებია:

ა.ა) საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით;

ა.ბ) საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით;

ა.გ) უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით;

ბ) პროფესიული მომზადების პროგრამით, რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს;

გ) პროფესიული გადამზადების პროგრამით, რომლის მიზანია კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად. პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:

1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. პირი, რომელსაც აქვს:

ა) სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, დაიშვება იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების

საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები;

ბ) სულ მცირე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, დაიშვება საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

3. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.

4. პროფესიული მომზადების პროგრამაზე ან პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი პროგრამით დადგენილ პირობებს.

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესილ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ და მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

ა) აპლიკანტთა რეგისტრაცია;

ბ) პროფესიული ტესტირების ჩაბარება;

გ) გასაუბრება საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პროფესიულ ტესტირებას ადმინისტრირებას უწევს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის სწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

კერძო სამართლის იურიდიულ პირებში პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვა ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ან პროფესიული ტესტირების გზით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge