PROFFORMANCE პროექტი 899136
PROFFORMANCE - შეფასების ინსტრუმენტი და წახალისების სისტემები აკადემიური პერსონალის საქმიანობის განვითარებისთვის უმაღლეს განათლებაში
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში აგრძელებს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის მიზნებისა და პრინციპების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას, განსაკუთრებით კი სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. ამ მიზნით, ცენტრი გახდა PROFFORMANCE პროექტის პარტნიორი საქართველოდან, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვა.
პროექტის მიზანია ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, ეროვნულ და ინსტიტუციურ დონეებზე, შესაბამისი სტრატეგიების წახალისებით. პროექტის კონსორციუმი მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისთვის შეიმუშაოს აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები, ინსტრუმენტი და რეკომენდაციები, რაც უმაღლესი განათლების დაწესებულებებსა და უმაღლესი განათლების პოლიტიკის შემმუშავებლებს დაეხმარება აკადემიური პერსონალის შეფასების, მათი წახალისებისა და განვითარების კომპლექსური სისტემების დაგეგმვაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებაში პროექტი ითვალისწინებს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას. პროექტის ფარგლებში შემუშავებული ინსტრუმენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს პრაქტიკაში გადაიტანონ და დანერგონ ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის სწვლების ხარისხთან დაკავშირებული პრინციპები. პროექტის ფარგლებში მოხდება ინოვაციურ სწავლებასთან დაკავშირებული საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შეგროვება და გაზიარება შესაბამისი ელექტრონული ბაზის შექმნითა და აკადემიური პერსონალის წევრებისთვის განკუთვნილი ჯილდოს დაწესებით.
პროექტის მთავარი აქტივობებია:
- ბენჩმარქინგი - უმაღლეს განათლებაში აკადემიური პერსონალის შეფასების, განვითარებისა და წახალისების პრაქტიკისა და ინსტიტუციური სტრატეგიების შესახებ ინფორმაციის მოძიება, კვლევის შედეგების შესწავლა და შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვა;
- კოლეგებისგან სწავლის (ე.წ. peer-learning) აქტივობები - 3 საერთაშორისო „კოლეგებისგან სწავლის“(ე.წ. peer-learning) აქტივობის ორგანიზება, რომლის ფარგლებშიც მოხდება აკადემიური პერსონალის როლების, მათთვის საჭირო უნარებისა და დამოკიდებულებების დადგენა სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირებით. აღნიშნულს გამოიყენებენ აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებისთვის;
- აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება;
- შემუშავებული ინსტრუმენტის პილოტირება თითოეული ქვეყნის ერთ ინსტიტუციაში;
- შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე საუკეთესო პრაქტიკის შეგროვება ონლაინ მონაცემთა ბაზისა და აკადემიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი ჯილდოს კონკურსით;
- რეკომენდაციების შემუშავება აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების წახალისების სქემისთვის ინსტიტუციურ, ეროვნულ, ევროკავშირისა და ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის დონეებზე.
პროექტის კონსორციუმის წევრი ქვეყნები და პარტნიორი ორგანიზაციები არიან:
- უნგრეთი - უნგრეთის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო - კოორდინატორი,
წარმოდგენილი ტემპუსის ოფისით;
- ავსტრია - ავსტრიის განათლების, მეცნიერებისა და კვლევის სამინისტრო;
- ჩეხეთი - ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო, წარმოდგენილი ჩეხეთის საერთაშორისო განათლების ეროვნული სააგენტოს სახით;
- საქართველო - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
- ხორვატია - ხორვატიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო;
- სერბეთი - ტემპუსი (სერბეთის Erasmus+ ეროვნული სააგენტო).
ასოცირებული პარტნიორები:
- აკადემიური თანამშრომლობის ასოციაცია - ACA (Academic Cooperation Association);
- ევროპული სტუდენტების კავშირი (ESU - European Students Union);
- Digital Success Nonprofit Ltd;
- ავეიროს უნივერსიტეტი, პორტუგალია.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 299,733.75 ევროს ოდენობით. პროექტის დაწყების თარიღია 2020 წლის 1 ივნისი, განხორციელების პერიოდი კი შეადგენს 24 თვეს.
პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიება ონლაინ რეჟიმში 2020 წლის 18 ივნისს გაიმართა. პირველი კოლეგებისგან სწავლის (ე.წ. peer-learning) აქტივობის ჩატარება კი დაგეგმილია 2020 წლის 10 სექტემბერს. პროექტის განხორციელებას ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://profformance.eu/