Erasmus+-ის პროექტის „ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE)“ მთავარი მიზანია ციფრული უმაღლესი განათლების ხელშეწყობა საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით. პროექტის სამ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს:
• განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერა ციფრული უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და ციფრული განათლების აღიარების რეფორმირების პროცესში;
• ციფრული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება;
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება ციფრული სწავლების მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში პროექტში ჩართული ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიმუშავებენ ინდივიდუალურ სტრატეგიულ გეგმას ხარისხიანი ციფრული განათლების უზრუნველსაყოფად, რომელიც სრულად იქნება შესაბამისობაში ევროპის საუკეთესო სტანდარტებთან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სწავლა/სწავლების კომპონენტის დიჯიტალიზაცია ტრენინგების, ვორქშოფების, სასწავლო ტურების, მეთოდოლოგიების, შესაბამისი სასწავლო მოდულებისა და სასწავლო მასალების შემუშავების საშუალებით, ასევე მარეგულირებელი ჩარჩოს, საკანონმდებლო და ხარისხის უზრუნველყოფის პაკეტის განახლება, რასაც უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE).
პროექტი ხელს უწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მარეგულირებელი ორგანოების გაძლიერებას ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
პროექტში ჩართულია საქართველოს განათლების და მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ასოცირებული პარტნიორები - საქართველოს სტუდენტური ასოციაცია, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC). გარდა ამისა, პროექტში ჩართული არიან პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან, ასევე ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2024-2027 წლები.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.cu.edu.ge/ka/grant-projects/ongoing-projects/capacity-building-erasmus/prodige