FAQ

რეფორმა

საქართველომ 2014 წლის 14 ივნისს ხელი მოაწერა “ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2014 წლის 18 ივლისს რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.
შეთანხმების 361-ე მუხლის თანახმად, საქართველომ უნდა მოახდინოს განათლების ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება შეთანხმების XXXII დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან. მათ შორისაა ევროკავშირის დოკუმენტები, რომელიც შეეხება კვალიფიკაციებსა და ხარისხის უზრუნველყოფას.
განათლების მთელი სისტემისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2017 წლის 22 მაისის რეკომენდაცია “მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავების შესახებ”. ეს დოკუმენტი არის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს სწავლის შედეგზე დაფუძნებული კვალიფიკაციების გამჭვირვალობას, შესადარობასა და აღიარებას ევროპის დონეზე. აღნიშნული დოკუმენტის პრინციპია სწავლის შედეგზე დაფუძნებული კვალიფიკაციების სისტემისა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობა.
შესაბამისად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2014 წელს დაიწყო განათლების სისტემის ანალიზის პროცესი.

2017 წელს მომზადდა განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დოკუმენტების პროექტები, რის შედეგადაც, 2019 წლის 10 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №69/ნ ბრძანებით დამტკიცდა განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი.

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო ითვალისწინებს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსა (EQF LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს (QF-EHEA) მოთხოვნებს. დოკუმენტი აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, ასახავს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სწავლის შედეგებს. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო აყალიბებს, თუ რა ცოდნა, უნარი და პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს პირს შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად.