ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მორიგი აღიარება მოიპოვა.
2020 წლის 19 მაისს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) წევრი გახდა.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელში (CEENQA) გაწევრიანების მიზნით, ცენტრმა ქსელს 2020 წლის დასაწყისში მიმართა.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელი არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში განათლების ხარისხის განვითარების 22 სააგენტოს აერთიანებს.
ქსელის მიზანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებას. მის წევრ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების გზით, ქსელში გაწევრიანების შესაძლებლობა ეძლევა ხარისხის განვითარების იმ სააგენტოებს, რომლებიც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხში ხელმძღვანელობენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტებით და სახელმძღვანელო პრინციპებით, როგორებიცაა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG 2015).
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელში გაწევრიანება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს შესაძლებლობას აძლევს აქტიურად ითანამშრომლოს ქსელის წევრ სააგენტოებთან, ჩართული იყოს დისკუსიებში, რომლებიც ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკას ეხება, ასევე მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ პროექტებში და გაიზიაროს ქსელის წევრი სააგენტოების გამოცდილება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელი (CEENQA) განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი პლატფორმაა.