16 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ და ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებთან გამართულ ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო ხედვები განიხილეს.
"მომავალი წელი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი ცვლილების წელი იქნება. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არსებულმა სისტემამ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა. დროა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ბევრად უფრო მოქნილი და განვითარებაზე ორიენტირებული გახდეს, რაც ერთის მხრივ ახალი სკოლის მოდელის მიზნებთან მოდის სრულ თანხვედრაში, მეორეს მხრივ კი საჯარო სკოლების ხარისხის უზრუნველყოფის სქემაში სრულფასოვანი ჩართულობის წინაპირობას შექმნის. ეს ახალ გამოწვევებს აყენებს ექსპერტთა კორპუსის წინაშე. სწორედ ამ საკითხებზე დავიწყეთ მსჯელობა ექსპერტებთან, რაც ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება“- განაცხადა ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ.