FAQ

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო!

1 აგვისტო 2014

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.
 
2014-2015 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა დაიწყება პირველი აგვისტოს 11:00 საათიდან და 21 აგვისტოს 18:30 საათამდე გაგრძელდება.
 
ამ ვადის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია პრორიტეტების მიხედვით ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. მობილობის კონკურსში გამარჯვება დამოკიდებულია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებულ სკალირებულ ქულაზე.
 
მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და ცენტრის ოპერატორები სტუდენტებს დახმარებას გაუწევენ. ტელ.: 2 200 220 (3522 ან 3523).
 
მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინტერნეტის მეშვეობით.
 
მობილობაში მონაწილეობას იღებს 58 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 11243 ვაკანტური ადგილი.
 
დაწესებულებები, რომლებიც 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ:
 
   შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გორგასალი;
   სსიპ   ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი;
   შპს „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ“;
   ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ-უნივერსიტეტი;
   შპს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი;
   შპს ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტი;
 
ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ექვსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.
 
მობილობის შედეგები 25 აგვისტოს განათლების ხარისხის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შედეგების გამოცხადებისთანავე სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
 
ცენტრი წელს სიახლეს სთავაზობს მობილობით დაინტერესებულ პირებს. ორშაბათს, 4 აგვისტოს და პარასკევს, 8 აგვისტოს 11 საათიდან 12 საათამდე ცენტრი აცხადებს ღია კარის დღეებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები.

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო!