განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus+ -ის ეროვნული გაძლიერების პროექტის - ციფრული უმაღლესი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE), გახსნით შეხვედრაში, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
PRODIGE პროექტი ორიენტირებულია რამდენიმე მთავარ მიზანზე: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერა ციფრული განათლების პოლიტიკის განვითარებასა და რეფორმებში, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჩამოყალიბება, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან და საქართველოს უნივერსიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ციფრული სწავლების, სწავლისა და შეფასების პრაქტიკის დანერგვაში.
PRODIGE-ის ფარგლებში გამართულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ციფრული განათლების გაუმჯობესების მიმართულებით.
პროექტის შემდეგი ეტაპები მოიცავს სპეციალიზებულ ტრენინგებს და თანამშრომლობის ინიციატივებს, რომლებიც 2025 წლის დასაწყისში გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების სისტემის მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ კონსორციუმის წევრი ინსტიტუციებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, კავკასიის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის საზღვაო აკადემია, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტები და საერთაშორისო ორგანიზაციები.