სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, პროექტის „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)” ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მიზანია საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზაცია და შესაბამისობის დადგენა მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA).
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების ინფორმირება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესში არსებული პროგრესისა და სამომავლო ეტაპების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა — მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან (EQF-LLL, QF-EHEA) საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შესაბამისობის დადგენის პროცესზე, პროექტის მიმდინარე ეტაპებსა და შესაბამის ტექნიკურ დეტალებზე.
აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს საქართველოში არსებული კვალიფიკაციების თავსებადობას ევროპულ ჩარჩოებთან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის განათლების სისტემის საერთაშორისო დონეზე აღიარებასა და ცნობადობის ზრდას.