პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში, 2026 წლის 24 მარტს, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის სამუშაო ჯგუფის მე-8 სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მის მიზანს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების ანგარიშის შემუშავების პროცესში მიღწეული პროგრესისა და საქართველოს უმაღლესი და ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მსჯელობა წარმოადგენდა.
მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს რეფორმის ფარგლებში უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონსა და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებების გავლენა ეროვნულ განათლების სისტემასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე და რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშში მათ ამომწურავად ასახვასთან დაკავშირებული საკითხები. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასასრულს განისაზღვრა რეფერენსირების ანგარიშის სამუშაო ვერსიის წარდგენის ვადები და დაიგეგმა შემდგომი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროცესის მაქსიმალური ინკლუზიურობა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო, რაც გულისხმობს ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან (EQF-LLL, QF-EHEA) საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზაციას მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA).
აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების გამარტივებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, გაზრდის სტუდენტთა და შრომითი რესურსების მობილობას და გააადვილებს კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცესს საერთაშორისო შრომის ბაზარზე.