FAQ

ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესი გრძელდება

10 სექტემბერი 2026

სსიპ — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, Zoom-ის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, გაიმართა მეორე საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესის მხარდამჭერ გაფართოებულ სამუშაო ჯგუფთან.


შეხვედრის მთავარი მიზანი იყო GEOREF პროექტის ფარგლებში მომზადებული საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშის სამუშაო ვერსიის გაფართოებული სამუშაო ჯგუფისთვის შესათანხმებლად წარდგენა, ასევე პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობა და ანგარიშის საბოლოო მომზადების ეტაპზე სამუშაო ჯგუფის უკუკავშირის მიღება.


შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს განსახილველად და შესათანხმებლად წარედგინათ ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშის სამუშაო ვერსია. ანგარიშის სამუშაო ვერსია გაფართოებულ სამუშაო ჯგუფთან დეტალურად იქნა განხილული და სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან დოკუმენტთან დაკავშირებით არსებითი ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები არ ყოფილა წარმოდგენილი.


შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა პროექტის დასრულებამდე დარჩენილი სამუშაოები და ანგარიშის საბოლოო ვერსიის მომზადების შემდგომი ეტაპები. GEOREF პროექტი 2026 წლის ოქტომბერში სრულდება, შესაბამისად, პროექტის დარჩენილ პერიოდში გაგრძელდება ანგარიშის საბოლოო რედაქტირება, შესაბამისი მასალების გადამოწმება და დოკუმენტის საბოლოო სახით მომზადება.
 

გაფართოებული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:


•    დარგობრივი სამინისტროებისა და სფეროს მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები;
•    განათლების სფეროსთან დაკავშირებული იურიდიული პირების  წარმომადგენლები;
•    დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და განათლების სფეროში ოპერირებადი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები;
•    დარგობრივი გაერთიანებებისა და ასოციაციების წარმომადგენლები;
•    ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.


ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან — კერძოდ, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA) და მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) — რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესში გაფართოებული სამუშაო ჯგუფის ჩართულობა მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობის, სანდოობისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად. სამუშაო ჯგუფის მონაწილეობა ასევე ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და კვალიფიკაციების სისტემის ობიექტური და სრულყოფილი ასახვის უზრუნველყოფას საბოლოო ანგარიშში.


GEOREF პროექტი 2024 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის ოქტომბრის ჩათვლით ხორციელდება „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ცენტრის თანადაფინანსებით. პროექტის მიზანია საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოებთან შესაბამისობისა და საქართველოს კვალიფიკაციების საერთაშორისო შედარებადობისა და აღიარების ხელშეწყობა.