FAQ

ცენტრის საერთაშორისო კონფერენციაზე პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნვეელყოფის საკითხები განიხილეს

9 ოქტომბერი 2026

კონფერენციის ერთ-ერთი სესია მთლიანად პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს დაეთმო.


კონფერენცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ლაშა მარგიშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) წევრობის აღდგენა მიულოცა და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ქეთევან კობახიძემ, ცენტრის 2026 წლის საქმიანობა შეაჯამა. მან სესიის მონაწილეებს ცენტრის სამომავლო ხედვები, ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები და პრაქტიკის შემდგომი განვითარების პერსპექტივები გააცნო.


სესიაზე მოწვეულმა ადგილობრივმა და უცხოელმა სპიკერებმა არაერთი საინტერესო მოხსენება წარადგინეს. მოხსენებებს მოჰყვა დისკუსია და გამოცდილების გაზიარება.


კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრები და ავტორიზაციის ექსპერტები მონაწილეობდნენ.


დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შეფასების ერთიან მიდგომებზე, ავტორიზაციის პროცესში გამოვლენილ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებსა და მიღებულ გამოცდილებაზე. მათ ასევე განიხილეს არსებული გამოწვევების საპასუხო გზები.


კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ავტორიზაციის საბჭოს, ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. 


ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ევროპის პროფესიული მომზადების ინსტიტუტების ასოციაციის (EVBB) გენერალური მდივანი თეოდორ გრასოსი.

ცენტრის საერთაშორისო კონფერენციაზე პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნვეელყოფის საკითხები განიხილეს