სამართლებრივი საკითხები

  • ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ნოტარიუსს ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია. იგი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე და უფლება არა აქვს, სანოტარო საქმიანობის განხორციელებასთან ერთად ეკავოს სხვა თანამდებობა ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისა. ნოტარიუსის სამუშაო ადგილი სანოტარო ბიუროა. შესაბამისად, ვინაიდან ნოტარიუსი დამოუკიდებელი სუბიექტია, იგი არ შეიძლება საქმიანობას ახორციელებდეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამავე კანონის 35-ე მუხლის თანახმად, პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ხოლო დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

    •    ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
    •    ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით.
    •    ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.
    •    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

    შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს შეუძლია  აკადემიური თანამდებობა დაიკავოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

  • თუ დაწესებულების მიერ განსახორციელებელი საგანმანათლებლო საქმიანობა არ იქნება დაკავშირებული კვალიფიკაციის მინიჭებასათან და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, დაწესებულებას ასეთი საქმიანობა შეუძლია განახორციელოს ავტორიზაციის გავლის გარეშე.

  • მაგისტრატურაში სწავლის ერთ-ერთი მიზანია სპეციალობის შეცვლა. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები, ისევე როგორც ეს ხდება კონკრეტულ საგანზე დაშვების წინაპირობების განსაზღვრისას.
    სამაგისტრო გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან: საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდებისგან. მაგისტრანტობის კანდიდატი შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში ირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების საფუძველზე. ამ გამოცდით/გამოცდებით დაწესებულება ადგენს სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობების არსებობას, რაც, თავის მხრივ, კონკრეტული სამაგისტრო პროგრამიდან გამომდინარეობს.

    აქედან გამომდინარე, პირის მიერ  საერთო სამაგისტრო გამოცდისა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი დამატებითი გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ პირს ექნება შესაძლებლობა სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

    რეგულირებადი პროფესიების (სამართალი, მედიცინა და სხვა) შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისინებს შეზთუდვას, კერძოდ, მაგისტრატურის საფეხურზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც ბაკალავრის ხარისხი იმავე სპეციალობით მიიღეს

  • ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებას ახორციელებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის შემთხვევაში.


    უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს იმ ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, რომელშიც ისწავლა განმცხადებელმა და საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზნებისთვის იგი ითხოვს უმაღლესი განათლების აღიარებას.

     

    განცხადებას  უნდა დაერთოს: ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტის ასლი ან ცნობა ამ დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის, ასევე ამორიცხვის ან სწავლის დასრულების თაობაზე და სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების ან/და შეფასებების მითითებით; განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი საფასურის, 250 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

  • იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა არ დაგისრულებიათ, ხოლო ბრძანება თქვენი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ არ არის გამოცემული, განიხილებით სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში შეგიძლიათ მიმართოთ საგანმანათლებლო დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან სწავლა გააგრძელოთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ისარგებლოთ მობილობის უფლებით.

    სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდგომ სტუდენტის სტატუსი წყდება და სტატუსის ხელმეორედ მოპოვება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში. იმავდროულად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აღიარდეს ის საგნები, რომლებიც გავლილი გქონდათ თავდაპირველი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

    სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, ბრძანების გამოცემიდან 12 თვის განმავლობაში განიხილებით სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად და უფლებამოსილი ხართ, ისარგებლოთ მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან. ამასთან, 2010 წლის 6 თებერვლამდე საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხვის/ამორიცხვის შემთხვევაში, განიხილებით სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად და უფლებამოსილი ხართ გარიცხვის/ამორიცხვის ბრძანების გამოცემიდან 10 წლის განმავლობაში მიმართოთ დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოთ მობილობის უფლებით.

  • სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გასცემს პროფესიულ დიპლომს/დიპლომს. საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის მიზნით ცენტრი ადგენს განათლების მიღების ფაქტს, მათ შორის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს. აღნიშნული წარმოების ფარგლებში არ დგინდება მიღებული განათლების შინაარსი, კერძოდ, გავლილი საგნები და მათი შეფასებები. შესაბამისად, ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს პროფესიული დიპლომის/დიპლომის დანართი.

  • ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს მხოლოდ ქართულ ენაზე.

  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით, შესაბამის ვადაში ვერ მიიღებთ მომსახურებას და სურვილი გაქვთ, ისარგებლოთ სხვა ვადით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ნაკლები საფასური, მოგვმართეთ განცხადებით. ამ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სხვაობა.

    განცხადება თანხის დაბრუნების შესახებ უნდა წარმოადგინოთ მომსახურების საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში.

  • იმ შემთხვევაში, თუ სწავლის სრული კურსის დასრულების, სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების შემდგომ არ აგიღიათ დიპლომი,  საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას ან მის სამართალმემკვიდრეს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს დიპლომი. თუ დაწესებულება ლიკვიდირებულია უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე,   შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში - ცენტრს) განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნით. ფაქტის დადგენის შემთხვევაში და შესაბამისი საფასურის, 50 ლარის, გადახდის შემდგომ ცენტრი გასცემს საგანმანათლებლო დოკუმენტს.

  • დიპლომისშემდგომი განათლებისა და სამედიცინო რეზიდენტურის საკითხებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი არ იცნობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მე-15 მუხლის თანახმად  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმებია: რეზიდენტურა; რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება). ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების საბჭო (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №295/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო  გამოცდის  ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში  ჩარიცხვის წესით“.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებისა და რეზიდენტურის კურსის გავლის საკითხების რეგულირება განეკუთვნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებას.