FAQ

უმაღლესი განათლება

საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებია:
 

ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;

 

ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

 

გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;

 

დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;

 

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.

 

უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში


საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემა სამსაფეხურიანია და ხორციელდება უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საგანმანათლებლო პროგრამების შედგენის და განხორციელების დროს იყენებენ კრედიტების ტრანსფერისა და დავროვების ევროპული სისტების ECTS სახელმძღვანელოს.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს. 
უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის - ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტის. 
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ განსაზღვრული ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული ბაკალავრიატის  საგანმანათლებლო პროგრამა, გამონაკლისების სახით, შესაძლებელია მოიცავდეს არანაკლებ 180 კრედიტს, სხვა სწავლის სფეროებში, 180 კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად განხორციელების შემთხვევაში. 

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულს ენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს, ან მასთან გათანაბრებულ პირს. 
უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ფარგლებში ხორციელდება მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლების მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში, მოიცავს 60 კრედიტს. კურსდამთავრებულზე გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი, რომელიც პირს ანიჭებს მასწავლებლობის უფლებას ზოგადსაგანმანათელბლო დაწესებულებაში. არსებული პროგრამა შესაძლებელია განხორციელდეს დამოუკიდებლად ან ინტეგრირებული იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში.
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის სახით, რომელიც ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში, მოიცავს 60 კრედიტს. კურსდამთავრებულზე გაიცემა სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი, რომელიც პირს ანიჭებს სპეციალური მასწავლებლის უფლებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების აღწერა მოცემულია შესაბამის დარგობრივ მახასიათებელში, რომელსაც შეიმუშავებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 
უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის - მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს. 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შეიმუშაოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.  წესის თანახმად, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნებისთვის, მათ შორის, აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვისაც. პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა.  ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესს და პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის, დამატებით, სავალდებულოა არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში. საგულისხმოა, რომ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს არ იძლევა დაშვებას განათლების შემდგომ საფეხურზე, დოქტორანტურაში. 
 

მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. 
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულს ენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 
 

გარდა ამისა, სისტემაში არსებობს ერთსაფეხურიანი და ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამები (მედიცინისა და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო), რომლებიც აერთიანებენ საბაკალავრო-სამაგისტრო დონეებს და თავისი სწავლის შედეგით შეესაბამებიან სამაგისტრო დონეს. ინტეგრირებული პროგრამებზე დაიშვებიან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირები. პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

•    მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი პროგრამის მოცულობაა 360-ECTS კრედიტი.
•    სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი. პროგრამის მოცულობაა არანაკლებ 300 ECTS კრედიტი. 
•    ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება ვეტერინარიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი პროგრამის მოცულობაა 300 ECTS კრედიტი. 
•    ამასთანავე მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა შეადგენს 300 ECTS კრედიტს და იგი სრულდება განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხით. 

დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის სახით ხორციელდება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში, მოიცავს 60 კრედიტს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ვეტერინარიის ბაკალავრის ხარისხი. კურსდამთავრებულზე გაიცემა ვეტერინარის მომზადების სერტიფიკატი ვეტერინარის სერთიფიკატის მფლობელს შეუძლია სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურაში).
 

დოქტორანტურაში დაიშვებიან მაგისტრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის მქონე პირები. გარდა, იმ შემთხვევისა, თუ პირს მაგისტრის ხარისხი მხოლოდ  მოპოვებული აქვს არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის მქონე მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტის მოცულობაა არაუმეტეს 60 ECTS კრედიტი. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი. კურსდამთავრებულზე გაიცემა დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.
საქართველოს ეროვნული უმცირესობისათვის, ეროვნულ დონეზე სახელმწიფო ენაში შესაბამისი ცოდნისა და უნარების დაუფლებისთვის კვალიფიკაციების ეროვნული ჩარჩოს პირველი დონიდან მე-4 დონის ჩათვლით ხორციელდება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიმდინარეობს 1 წლის განმავლობაში და მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ქართულ ენაში მომზადების სერტიფიკატი/სახელმწიფო ენაში მომზადების სერტიფიკატი.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ასევე შესაძლებელია შეთავაზებულ იქნას უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, ბაკალავრიატის, ერთსაფეხურიან, ან ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მიზნებისთვის. პროგრამა მიზნად ისახავს ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ პირთათვის, ვისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) იმ დონეზე შეძენას, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის საფეხურზე, ან ერთსაფეხურიან და ინტეგრირებულ პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 60-კრედიტიანია. მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში. პროგრამის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს მისი დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. 

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები

საქართველოში მოქმედებს ორი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:

ა) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის - ბაკალავრიატის - საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; 

ბ) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამას, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, მაგისტრატურის ან/და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს ან აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი. 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში. 
ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით. სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს.

 
მიღება


უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის, დიპლომირებული სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. 

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა საერთო სამაგისტრო გამოცდა. მიღების დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. 

დოქტორანტურაში მიღების წინაპირობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. 

უმაღლესი განათლების საფეხურებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ირიცხებიან ზემოაღნიშნული წესებისგან განსხვავებული პირობებით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით).

მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის შედეგის საფუძველზე.