ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში დაიდენფიტიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.
საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს. ავტორიზაცია სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ამასთანავე, მხოლოდ ავტორიზებულ დაწესებულებას აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტის - დიპლომის გაცემის უფლება.
ავტორიზაციის პროცესი ხორციელდება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) მოთხოვნების გათვალისწინებით.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
პროცედურები ავტორიზაციის მოსაპოვებლად:
ა) საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობა;
გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
დ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ავტორიზაციის თვითშეფასების ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;
ე) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;
ვ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;
ზ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის დაწესებულებისთვის გაცნობა;
თ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით;
ი) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;
კ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის დაწესებულებისთვის გაცნობა;
ლ) საავტორიზაციო განაცხადის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების მიერ ცენტრისთვის წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის გაგზავნა;
მ) ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილებისმიღება;
ნ) დასაბუთებული გადაწყვეტილების ცენტრის მიერ გამოქვეყნება.
· ავტორიზაციის შესახებ;
· ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
· ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
ამასთანავე დაწესებულებამ შეიძლება მიიღოს ავტორიზაცია, თუმცა განესაზღვროს ვადა მიღებული რეკომენდაციების თაობაზე ანგარიშის წარმოსადგენად ან/და საბჭომ დააყენოს შუამდგომლობა ორი წლის ვადაში დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების თაობაზე ან/და დაწესებულებას შეეზღუდოს სტუდენტების მიღება. თითოეული პირობა დამოკიდებულია დაწესებულების მიერ მიღებულ შეფასებებზე.
დეტალურად: https://eqe.ge/res/docs/20200602165212guidebookgeo.pdf
· საავტორიზაციო განაცხადი - წერილი, რომელიც იწერება ცენტრის დირექტორის სახელზე და რომელშიც საგანმანათლებლო დაწესებულება გამოხატავს ავტორიზაციის გავლის სურვილს;
· სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმა და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;
· ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დეტალურად - (https://eqe.ge/ka/page/parent/517/avtorizatsia)
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცის საბჭო;
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციასთან დაკავშირებით - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცის საბჭო;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციასთან დაკავშირებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო.
ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას;
გ) საგანმანათლებლო პროგრამებს;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს;
ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;
ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;
ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.
ავტორიზაციის ვადა 6 წელია ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.
ავტორიზაციის საბჭოების სხდომის ოქმები და გადაწყვეტილებები ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე (ბმული) - სხდომის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაც.
სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ პირს. გამონაკლის შემთხვევებში, იგი შეიძლება დახურულად გამოცხადდეს და, შესაბამისად, დასწრება შეიზღუდოს.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არ ეთანხმება მას.
გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში, საპელაციო საჩივრის სააპელაციო საბჭოში წარდგენის გზით (მისამართი: ქ. თბილისი,მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N 2) ან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის შეტანის გზით (მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციის ან მონიტორინგის შედეგეად საბჭოს მიერ ერთ-ერთი სტანდარტთან მიმართებით დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”.
ამასთანავე მონიტორინგის შედეგად, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.
დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
60-დღიან ვადაში დაწესებულების მიერ შესაბამისი ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
სტუდენტებს უფლება აქვთ, გადავიდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებაში;
სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით
თუკი საგანმანათლებლო დაწესებულებას გაუუქმდება ავტორიზაცია, იგი დაკარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება.
ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დაწესებულების მხრიდან თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის ვადის დარღვევის ან წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება ცენტრის ინიციატივით, ან საბჭოს შუამდგომლობით გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით, ასევე მათ მიერ ცენტრში წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე.
ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი საგანამანათელბლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში არაგეგმიური მონიტორინგის ვიზიტის შესახებ დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყების წინ ან არაუმეტეს მონიტორინგის ვიზიტამდე 1 დღით ადრე. გეგმიური მონიტორინგის შემთხვევაში, დაწესებულების ინფორმირება ხდება ბრძანების გამოცემის შემდეგ.
ავტორიზაციის საფასურის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო მოცულობიდან გამომდინარე და დამოკიდებულია ისეთ დაწესებულების სახეზე, სტუდენტების და აკადემიური პროგრამის რაოდენობაზე, ფართზე და მისამართების რაოდენობაზე და ა.შ
დეტალურად ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების" დანართი N2-ში
საფასური უნდა გადაიხადოთ უნაღდო ანგარიშსწორებით.
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)
ავტორიზაციის საფასური, გარდა ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურისა, სრულად ბრუნდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე.
სხვა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მიენიჭება თუ არა დაწესებულებას ავტორიზაცია, საფასური უკან არ ბრუნდება.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, თუ იგი დააკმაყოფილებს ავტორიზაციის შესაბამის სტანდარტებს.
ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ავტორიზაციის საბჭოების წევრთა შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. თუმცა, პროცესის გამჭვირვალობისა და ღიაობის მიზნით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაციის საბჭოების წევრობის კანდიდატთა შერჩევისას უზრუნველყო საგანმანათლებლო დაწესებულებების, ექსპერტების, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა.
საბჭოების წევრთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 წლით.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება 15 წევრისგან.
კახა შენგელია - შპს "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტი - საბჭოს თავმჯდომარე;
ზურაბ ორჯონიკიძე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გაგა გვენეტაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი - საბჭოს მდივანი;
ივანე აბაშიძე - სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე;
დავით ბოსტოღანაშვილი - შპს "აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის" ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ელიზბარ ელიზბარაშვილი - ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრის მენეჯერი, პროფესორი;
ნიკა თიკანაშვილი - ა(ა)იპ - საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღანელი, შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის" საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
ნინო იმნაძე - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
გია ლობჟანიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, ზოგადი ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი;
ერმილე მესხია - სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კულტურის მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი;
ელენე ჟურავლოვა - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ლელა სალაყაია - ა(ა)იპ - ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციის სენატის წევრი, შპს "ვიონი საქართველოს" პერსონალთა მუშაობისა და ადმინისტრაციულ საქმეთა დირექტორი, დამსაქმებელი;
გაიანე სიმონია - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების, კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გერიატრიის დეპარტამენტის პროფესორი;
კონსტანტინე სირბილაძე - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ანა ფირცხალაშვილი - შპს "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს" სამეცნიერო კველვების მიმართულებით ვიცე-რექტორი;
საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე.
ავტორიზაციის საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;
დ) ექვსი თვის განმავლობაში სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში;
ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც შეუთავსებელია ავტორიზაციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან (თუ გახდება საჯარო მოხელე);
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც სისტემატურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას;
ზ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.
თუ გსურთ ავტორიზებული დაწესებულებების სტატუსის შესახებ ცნობის მიღება, შეგიძლიათ მიმართოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას განცხადებით (ელ-ფოსტა: info@emis.ge).
სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში ან სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილ განაცხადში მითითებული სტუდენტების ზღვრული რაოდენობა უნდა ეფუძნებოდეს დაწესებულების
სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს პროგრამების სპეციფიკასა და დაწესებულების რესურსებს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის რაოდენობის მიხედვით.
ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს.