თანამშრომლობითი ვიზიტები
ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განვითარება მნიშვნელოვანია, დაწესებულების მიერ საკუთარი როლის და მისიის სწორი გააზრების ხელშეწყობისათვის, ხარისხზე ორიენტირებული კულტურისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის დანერგვისათვის. ამ მიზნით, პირველად საქართველოს განათლების სისტემაში ინერგება თანამშრომლობითი ვიზიტების მექანიზმი პროფესიული საგანამნათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების დონეზე, რომელიც ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების გზით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ურთიერთანამშრომლობის ქსელისა და ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულების მხარდაჭერაში.
პროფესიულ საგანამანათლებლო დაწესებულებებს შორის ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესების მექანიზმად თანამშრომლობითი ვიზიტების გამოყენება გავრცელებული პრაქტიკაა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თანამშრომლობითი ვიზიტები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესებისთვის დაბეჯითებით არის რეკომენდებული და მხარდაჭერილი ევროპის განათლების ფონდის (ETF) მიერ.
თანამშრომლობითი ვიზიტების განხორციელების პრინციპი, რომელიც ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით ხორციელდება, გულისხმობს, პროფესიულ საგანამანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი ანალიზისა და უკუკავშირს მიწოდებას მათგან, ვისაც აქვს პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება და იცნობს მოცემული სფეროს სპეციფიკა. თანამშრომლობითი ვიზიტების განხორციელება უნიკალური შესაძლებლობაა პროფესიულ საგანამანათლებლო დაწესებულებებისთვის, მიიღონ დეტალური და ობიექტური უკუკავშირი სანდო, მაღალკვალიფიციური და საფუძვლიანად მომზადებული კოლეგებისგან. ვიზიტების შედეგად მიღებული გამოცდილება ძალზედ სასარგებლო იქნება როგორც მასპინძელი დაწესებულების, ასევე ვიზიტში მონაწილე კოლეგა ვიზიტორი დაწესებულებებისთვის, რადგან აღნიშნული მექანიზმი აძლიერებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირების გზით.