FAQ

მონიტორინგი

ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, ცენტრი უზრუნველყოფს მონიტორინგის განხორციელებას. 
მონიტორინგის სახეებია გეგმური და არაგეგმური. გეგმური მონიტორინგი ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან/და ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით. 

ცენტრის ინიციატივით განსახორციელებელი გეგმური მონიტორინგის წლიური გეგმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აქტის გამოცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის დაწესებულებებს. 

ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით განსახორციელებელი გეგმური მონიტორინგის საფუძველია ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე ცენტრისათვის შუამდგომლობით მიმართვა, რომელშიც მიეთითება მონიტორინგის გზით დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების ფარგლები,  მონიტორინგის განხორციელების პერიოდი და ფორმა.

არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება ცენტრის ინიციატივით, ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით, დაწესებულებების საქმიანობის კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოების მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას.
 

მონიტორინგის ფორმებია: 

ა) დაწესებულებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის/ანგარიშის გამოთხოვა, რა დროსაც ცენტრი უზრუნველყოფს მის განხილვას;
ბ) ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, რა დროსაც დაწესებულებისგან გამოთხოვილ შესაბამის დოკუმენტაციას/ანგარიშს განიხილავს ექსპერტთა ჯგუფი;
გ) ექსპერტთა ჯგუფის შექმნა და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელება.
 

თუ მონიტორინგის დროს დაწესებულება არ ითანამშრომლებს ექსპერტებთან ან/და არ მისცემს ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურების შესაძლებლობას, შესაფასებელი სტანდარტი შეფასდება როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.