FAQ

ლტოლვილების მიერ მიღებული განათლების აღიარების პროცედურის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა

ლისაბონის კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობის და შესაბამისად, ლტოლვილთა განათლების აღიარების მექანიზმის დახვეწის მიზნით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპის საბჭოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს - „ლტოლვილების მიერ მიღებული განათლების აღიარების პროცედურის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა“.  ცენტრმა, აღნიშული გრანტი ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოიპოვა. საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავდა ევროპის საბჭოს განათლების პროგრამაში ჩართული ქვეყნების (ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ვატიკანი, ყაზახეთი, მონაკო, მონტენეგრო, მოლდოვის რესპუბლიკა, სან მარინო, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი) საინფორმაციო ცენტრების (ENIC Centres) მხარდაჭერას ლისაბონის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტირების პროცესში. საქართველოს სახელით საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღო სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც შემდეგი პროექტი წარადგინა - „ლტოლვილების მიერ მიღებული განათლების აღიარების პროცედურის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა“. ცენტრის მიერ წარდგენილმა საგრანტო განაცხადმა ევროსაბჭოს საკონკურსო კომისიის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა და აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სრული დაფინანსება მოიპოვა.


პროექტი შექმნილია ლტოლვილების, ან/და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის (საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის, ან ლტოლვილის მსგავსი სტატუსის მქონე პირის) მიერ მიღებული განათლების აღიარების პოლიტიკის, მექანიზმებისა და პროცედურების მხარდასაჭერად და ამ მიმართულებით საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს გადახედვის მიზნით. პროექტს აქვს ორმაგი მიზანი: იგი ხელს უწყობს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას, განსაკუთრებით კი განათლების აღიარებას, რათა ის შესაბამისობაში იყოს ლისაბონის აღიარების კონვენციის (LRC) ვალდებულებებთან. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE), როგორც ინსტიტუციის მხარდაჭერას აღიარების მექანიზმებისა და პროცედურების ეფექტურად წარმართვისთვის.


პროექტის იმპლემენტაციის ფარგლებში, ცენტრი ლტოვილთა და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირთა განათლების აღიარების საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევას ახორციელებს, პროცედურის ჩატარების კუთხით, აფასებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მზაობას, რის შედეგადაც შემუშავდება გზამკვლევი და  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ჩართული მხარეებისათვის ჩატარდება ტრენინგები, მომზადდება საინფორმაციო ბროშურები და შესაბამის მხარეებს გადაეცემათ პოტენციური განმცხადებლების ინფორმირების მიზნით. 


პროექტის განხორციელების პერიოდია 2023 წლის მარტი-ნოემბერი. 

პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალები:

 

საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირების მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურის სახელმძღვანელო დოკუმენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

 

„ლტოლვილთა მიერ მიღებული განათლების აღიარების პროცედურის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა“-პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაცია“.

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

 

https://www.coe.int/en/web/education/-/grant-scheme-to-support-implementation-of-the-lisbon-recognition-convetion-project-coordinators-meeting?fbclid=IwAR1F32j2qTfCQnQNUaFJwmaBQQrXvxAHaS5OYalNouxHiwEYKphrhnUW8DQ

https://www.coe.int/en/web/education/-/council-of-europe-education-department-supports-enic-centres-in-the-implementation-of-the-lisbon-recognition-convention-through-a-grants-scheme?fbclid=IwAR1-ndqdnDMJLNz5SuyEES5KD4OE93W16cKvcUWTxhO_GdtRnGU0EmG2Y8o