ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებები კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში დაწესებულებამ/დაწესებულების სტატუსის მაძიებელმა შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში ან სასამართლოში.
სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
სააპელაციო საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) მიმართვა სააპელაციო საბჭოსადმი;
ბ) სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა/დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;
გ) საბჭოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც საჩივრდება;
დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასახელება;
ე) მოთხოვნა;
ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული დოკუმენტაციის ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.
სააპელაციო საბჭო არ განიხილავს სააპელაციო საჩივარს, თუ:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლოს წარმოებაშია;
ბ) სააპელაციო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) გასულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ამ წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა;
დ) მოთხოვნილი საკითხის განხილვა სცდება სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებს.
სააპელაციო საბჭო ვალდებულია სააპელაციო საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწვეტილება მიიღოს საჩივრის მიღებიდან 1 თვის ვადაში.
სააპელაციო საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ;
ბ) ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში.
ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის საბჭო განიხილავს საკითხს დადგენილი წესით და გადაწყვეტილებას იღებს საკითხის დაბრუნებიდან 1 თვის ვადაში.
ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, ავტორიზაციის საბჭოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების განხილვისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრება დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მხოლოდ ერთხელ.