სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2023 წლის აგვისტოში INQAAHE-ს სრული წევრი გახდა. INQAAHE წარმოადგენს უმაღლესი განათლების შიდა და გარე ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესების გლობალურ პლატფორმას, რომელიც საერთო მიზნის გარშემოა გაერთიანებული, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით განავითაროს და ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. ორგანიზაცია 1991 წელს შეიქმნა და დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით ხარისხის უზრუნველყოფის 300-ზე მეტ სააგენტოსა და განათლების ხარისხის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციას აერთიანებს.
INQAAHE ორიენტირებულია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით თეორიისა და პრაქტიკის განვითარებაზე, ხარისხის გაუმჯობესებაზე, უმაღლესი განათლების მიმართულებით თემატური კვლევების განხორციელებაზე, ექსპერტული ცოდნის გაზიარებაზე და კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარებისთვის სააგენტოების ინფორმირებულობაზე.
INQAAHE-ს წევრობა უზრუნველყოფს საერთაშორისო დონეზე ცენტრის ცნობადის გაზრდას და საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით. ქსელში გაწევრიანებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შესაძლებლობა მიეცა ითანამშრომლოს ხარისხის უზრუნველყოფის 300-ზე მეტ სააგენტოსთან, რომლებიც უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ. ასევე, ცენტრს საშუალება მიეცა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჭრილში გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილებები სხვადასხვა მიმართულებებით, მონაწილეობა მიიღოს კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებში და ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოადგინოს.
ცენტრის მიერ INQAAHE-ს სრული წევრის სტატუსის მინიჭება, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოში არსებული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, პროცედურები, ცენტრის საქმიანობა შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, სახელმძღვანელო პრინციპებთან და მიდგომებთან.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.inqaahe.org/