„საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების საშუალებით (GEOREF)“
2024 წელს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოიპოვა ERASMUS+-ის პროგრამის დაფინანსება საპროექტო განაცხადზე - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების საშუალებით (GEOREF)“.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო, რაც გულისხმობს ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან (EQF-LLL, QF-EHEA) საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესს, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება და ბოლონიის პროცესის ძირითადი რეკომენდაციაა. პროექტი 2024 წლის 22 ოქტომბერს დაიწყო და 2026 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება, რომელიც ერაზმუს +-ის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ცენტრის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზებასა და შესაბამისობის დადგენას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA). აღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემის ცნობადობის ამაღლებას და გაამარტივებს საქართველოში მიღებული განათლების აღიარებას ევროკავშირის ქვეყნებში.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების მიზნით, 2026 წლის შემოდგომისთვის, მომზადდება თვითშეფასების დოკუმენტი ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
პროექტის წარმატებით განხორციელება, ასევე, უზრუნველყოფს სემინარებისა და საჯარო განხილვების გზით დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას განათლების ქვესისტემებისა (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი) და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ.
საგულისხმოა, რომ პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგალითად: ევროპული კვალიფიკციების ჩარჩოს EQF მრჩეველთა ჯგუფთან, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს EHEA-QF-ის ფარგლებში შექმნილ ეროვნული კორესპონდენტების პლატფორმასთან და კვალიფიკაციების ჩარჩოს ექსპერტთა თემატური სამუშაო ჯუფის TPG A on QF-ს წევრებთან.
პროექტის გუნდთან ერთად, რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელებაში ასევე ჩართულია ცენტრის დირექტორის 2023 წლის 15 აგვისტოს N 997194 ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების მიზნით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი; ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები.
პროექტში ასევე ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები - ესტონეთიდან და იტალიიდან.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამი ურთიერთსწავლების აქტივობა (PLA), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, შესაბამისი სხვა დაინტერესებული მხარეები.
პროექტის სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესში მეზობელი ქვეყნების წარმომადგენელთა ჩართულობაც. აღნიშნული ისახავს რეგიონის ქვეყნების განათლების სისტემების ევროპული განათლების სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობისა და ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოების ჰარმონიზაციის პროცესში საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას.