სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აკადემიური კეთილსინდისიერების გლობალური ქსელის - Global Academic Integrity Network წევრია.
ქსელი წარმოადგენს განათლების ხარისხის განვითარების სააგენტოებისა და უმაღლესი განათლების სფეროში ჩართული უფლებამოსილი ორგანოებისაგან შემდგარ კონსორციუმს, რომელსაც კოორდინირებას უწევს ირლანდიის ხარისხისა და კვალიფიკაციების სააგენტო (QQI) და ავსტრალიის უმაღლესი განათლების ხარისხისა და სტანდარტების სააგენტო (TEQSA). ქსელის მიზანია ერთობლივი მიდგომების გამოყენებით სტუდენტთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, აკადემიური თაღლითობის განმახორციელებელი სერვისების საფრთხეებთან დაკავშირებით, ამასთან, საფრთხეების აღმოფხვრის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა და საერთაშორისო დონეზე ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემების მიმართ სანდოობის შენარჩუნება.
გლობალური აკადემიური კეთილსინდისიერების ქსელის წევრობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შესაძლებლობას აძლევს გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება აკადემიური თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და წვლილი შეიტანოს აღნიშნულ საფრთხეებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაში. გარდა ამისა, წევრობა ხელს უწყობს ცენტრის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში და ეროვნულ დონეზე მარეგულირებელი ჩარჩოების განვითარებაში, რათა შემცირდეს აკადემიური თაღლითობის წამახალისებელი სერვისებისა და პლატფორმებისგან მომდინარე რისკები.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.globalacademicintegrity.network/