FAQ

ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა 2024-2027

ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა 2024-2027


ბოლონიის პროცესი, რომელიც ხორციელდება  უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) ფარგლებში, მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში უმაღლესი განათლების სისტემების თავსებადობას, უმაღლესი განათლების ხარისხისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობას. სამოქმედო გეგმა 2024 - 2027, რომელიც მიღებულ იქნა ტირანას მინისტერიალზე 2024 წელს განსაზღვრავს პრიორიტეტებს, რომლის იმპლემენტაციის საშუალებად წარმოდგენილია თემატური და სამუშაო ჯგუფები. საქართველოს სახელით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მონაწილეობს როგორც თემატურ, ასევე სამუშაო ჯგუფებში. 2025 წლიდან ცენტრი წარმოდგენილია შემდეგ თემატურ და სამუშაო ჯგუფებში:
 



კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფი (TPG A on QF)

კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფი 2018 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულების განხორციელება - სამსაფეხურიანი საგანმანათლებლო სისტემის დანერგვა, რომელიც დაფუძნებულია სასწავლო შედეგებზე და European Credit Transfer and Accumulation System  (ECTS)-ზე და თავსებადია  უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA).

აღნიშნული თემატური ჯგუფის თანათავმჯდომარეა საქართველო, საფრანგეთთან და ლატვიასთან ერთად.

 

TPG A-ის თემატური მიმართულებები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

•    ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირება უმაღლესი განათლების ევროპული  სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA);
•    ECTS სახელმძღვანელოს სრული დანერგვა;
•    მოკლე ციკლის უმაღლესი განათლება;
•    კვალიფიკაციების ჩარჩოს მრავალმხრივი მიზანი მისი და გამოყენება დაინტერესებული მხარეების მიერ;
•    საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ბოლონიის სამსაფეხურიან სტრუქტურაში არ ჯდება;
•    კვალიფიკაციების ჩარჩოსა და ხარისხის უზრუნველყოფის ურთიერთკავშირი.
დამატებითი ინფორმაცია ბმულზე:  https://ehea.info/page-peer-group-A-QF

 

 

 

ლისაბონის აღიარების კონვენციის თემატური ჯგუფი (TPG B on LRC)

ლისაბონის  კონვენციის თემატური ჯგუფი (TPG B on LRC) შეიქმნა 2018 წელს პარიზის კომუნიკეს ფარგლებში და 2024 წელს ტირანას კომუნიკემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აღნიშნული თემატური ჯგუფის საჭიროება. კომუნიკემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კვალიფიკაციების აღიარებაზე, მთელ  უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) მასშტაბით. ეს მიზანი ხორციელდება ლისაბონის აღიარების კონვენციის პრინციპების იმპლემენტაციით და მისი განხორციელება  კი მიზნად ისახავს ავტომატური აღიარების მიღწევას EHEA-ში.

თემატური ჯგუფის მიზანია დაეხმაროს ქვეყნებს შექმნან ან/და სამართლებრივი ჩარჩოები, რათა ეფექტურად განხორციელდეს ლისაბონის კონვენციის ფარგლებში გაწერილი ვალდებულებები. ეს მოიცავს კვალიფიკაციების შეუფერხებელ აღიარებას, სტუდენტებისა და პროფესიონალების (კურსდამთავრებულები, რომლებიც ფლობენ პროფესიას/შესაბამის კვალიფიკაციას და აღიარების შემდგომ ამ პროფესიით/კვალიფიკაციით საქმდებიან სხვა ქვეყანაში)  მობილობის გაძლიერებას, ასევე ციფრული ინსტრუმენტების დახვეწას, რათა განათლების აღიარების პროცესი გამარტივდეს და დიპლომის დანართის ეფექტიანობა გაიზარდოს. თემატური ჯგუფი 2025-2027 წლებში  იმუშავებს კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა:

  • საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც დაეხმარება ქვეყნებს ლისაბონის კონვენციის იმპლემენტაციაში; 
  • განათლების აღიარების პროცესში საქმიანობისა და პასუხისმგებლობების განაწილება კომპეტენტურ დაწესებულებებს/ორგანოებს შორის, რომლებსაც აქვთ სათანადო ცოდნა და უნარი;
  • ავტომატური აღიარება;
  • განათლების აღიარების ალტერნატიული გზები/მექანიზმები;
  • ლტოლვილების მიერ მიღებული განათლების აღიარება;
  • ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალის ოპტიმიზაცია აღიარების პროცესში. 
     

თემატური ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები არიან იტალია, საფრანგეთი და უკრაინა.

დამატებითი ინფორმაცია ბმულზე:  https://ehea.info/page-peer-group-B-LRC

 

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფი  (TPG C on QA) 


2018 წლიდან ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შექმნილია თემატური ჯგუფი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე (TPG C on QA), რომლის მიზანია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში (EHEA) ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი ვალდებულების განხორციელების მხარდაჭერა. ეს ვალდებულება, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა ტირანის კომუნიკეში, მიმართულია უმაღლეს განათლებაში ხარისხის კულტურის ხელშეწყობაზე. იგი ეფუძნება ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებს, რომლებიც შესაბამისობაშია EHEA-ს ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG).
თემატური ჯგუფი მუშაობს იმისათვის, რომ დაეხმაროს EHEA-ს წევრ ქვეყნებს რეფორმების განხორციელებაში. იგი არის გამოცდილების გაზიარების პლატფორმას როგორც იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც წარმატებით დანერგეს ხარისხის უზრუნველყოფის ვალდებულება, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ მის განხორციელებაზე.
აღნიშნული თემატური ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან სომხეთი, საფრანგეთი და რუმინეთი.

დამატებითი ინფორმაცია ბმულზე: https://ehea.info/page-peer-group-C-QA

 

სოციალური განზომილების თემატური ჯგუფი (TPG D on SD)


2018 წელს შექმნილი სოციალური განზომილების თემატური ჯგუფი D (TPG D on Social Dimension) ხელს უწყობს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში (EHEA) უმაღლესი განათლების სოციალური განზომილების გაძლიერების პრინციპებისა და სახელმძღვანელო მითითებების ეფექტიან განხორციელებასა და მონიტორინგს. ჯგუფი მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღნიშნული ვალდებულებების შესრულების პროგრესის შეფასებაში, ხელს უწყობს წევრ ქვეყნებსა და საკონსულტაციო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას (peer learning) და უზრუნველყოფს მათი განხორციელების შესახებ ანგარიშგებას.

ჯგუფი შეიქმნა ტირანის მინისტრთა კონფერენციის შემდგომ ეტაპზე, როგორც სოციალური განზომილების საკითხებზე მოქმედი წინა სამუშაო ჯგუფების (2018–2020 და 2021–2024) საქმიანობის გაგრძელება. ტირანის კომუნიკეში მინისტრებმა აიღეს ვალდებულება სტუდენტთა წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრის შესახებ, მათ შორის მზარდი ცხოვრებისეული ხარჯებისა და სტუდენტური საცხოვრებლით უზრუნველყოფის სირთულეების დაძლევის მიმართულებით, ხელმისაწვდომი სტუდენტური მხარდაჭერის სერვისების უზრუნველყოფის, ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნის (მათ შორის ციფრულ სივრცეში), გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ისეთი ზომების გატარების გზით, რომლებიც დაეხმარება სტუდენტებს სწავლასთან დაკავშირებული არაპირდაპირი ხარჯების დაფარვაში.
ვინაიდან 2030 წლისთვის ინკლუზიურობის მიღწევა ერთ-ერთ სამ უმთავრეს პოლიტიკურ ვალდებულებად განისაზღვრა რომის კომუნიკეში, აღნიშნული ჯგუფის მიზანია მიმდინარე პროგრესის მხარდაჭერა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში თანასწორობისა და ინკლუზიის განმტკიცების მიმართულებით.
აღნიშნული ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან ევროპის სტუდენტთა გაერთიანება, ლატვია და მალტა. 


 
დამატებითი ინფორმაცია ბმულზე:  
https://ehea.info/page-TPG-D-on-SD

 

ინტერნაციონალიზაციისა და მობილობის სამუშაო ჯგუფი


ინტერნაციონალიზაციისა და მობილობის სამუშაო ჯგუფი (WG) არის 2024–2027 წლებისთვის შექმნილი ჯგუფი, ტირანას მინისტერიალის ფარგლებში, რომელიც პასუხისმგებელია რეკომენდაციების შემუშავებაზე, რათა გაძლიერდეს სტუდენტთა მობილობა EHEA-ის წევრ ქვეყნებში და გახდეს მეტად ინკლუზიური, დაბალანსებული და მწვანე - ეკო მეგობრული. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობს ევროპის 33 ქვეყნისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომდგენელი (ENQA, EUA, ESU, ETUCE, UNESCO, EURASHE, BUSINESS EUROPE). სამუშაო ჯგუფი არის ყველაზე წარმომადგენლობითი ბოლონიის სხვა სამუშაო ჯგუფებთან შედარებით. სამუშაო ჯგუფის მიზანია EHEA-ს ფარგლებში ინტერნაციონალიზაციისა და მობილობის სამოქმედო გეგმის შექმნა, რომელიც:

•    დაეხმარება წევრ ქვეყნებს ინტერნაციონალიზაციაში, რათა ყველა სტუდენტმა შეიძინოს საერთაშორისო და ინტერკულტურული კომპეტენციები;
•    განიხილავს მობილობის მიზნებს, ავლენს ბარიერებს და სთავაზობს მათრეკომენდაციებს;
•    მოამზადებს კონკრეტულ რეკომენდაციებს ინკლუზიური, დაბალანსებული და მწვანე მობილობისთვის;
•    მოიცავს ტერმინების განმარტებებს, მათი ერთიანი გაგების უზრუნველსაყოფად.
გარდა ამისა, ჯგუფი ხელს უწყობს წევრი ქვეყნების სტრატეგიების განხილვას, ორგანიზებას უწევს გამოცდილების გაზიარების ღონისძიებებს და PLA აქტივობებს. მისი საქმიანობა ემსახურება ტირანის მინისტერიალურ კონფერენციაზე აღებულ ვალდებულებას - მობილობის ბარიერების მოხსნისა და ფიზიკური მობილობის ხელშეწყობის მხარდაჭერას, რათა მიღწეულ იქნას 20%-იანი მობილობის მაჩვენებელი.
აღნიშნული სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან ნიდერლანდები, გერმანია, უკრაინა  და მოლდოვა.
დამატებითი ინფორმაცია ბმულზე: https://ehea.info/page-WG-on-IM