საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარების მიზანია ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების სახელმწიფოს მხრიდან ცნობა. ცენტრი ახდენს იმ პირთა მიერ მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე (ცხინვალის რეგიონი) დაასრულეს ზოგადი განათლების მიღება ან ზოგადი განათლების ცალკეული კლასი/საფეხური/სემესტრი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების მიზნით მოწმდება:
• პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (ცხინვალის რეგიონი) ზოგადი განათლების მიღების (კონკრეტული კლასის/საფეხურის/სემესტრის გავლის) ფაქტი;
• ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის სწავლის პერიოდი და ხანგრძლივობა;
• ოკუპირებულ ტერიტორიაზე უწყვეტად ყოფნის პერიოდი და ხანგრძლივობა.
ცენტრის კომპეტენციაში არ შედის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მიღებული ზოგადი განათლების აღიარება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას, ახდენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ცენტრში ვიზიტისათვის გთხოვთ დაჯავშნოთ სასურველი დრო: https://booking.eqe.ge/
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განსაზღვრული ფორმის შესაბამისი განცხადება;
2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლებამიღებული პირის არასრულწლოვნობის შემთხვევაში, მისი დაბადების მოწმობის დამოწმებული ასლი. მშობლის გარდა სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში - წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების კონკრეტული კლასის/ საფეხურის/სემესტრის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ინფორმაცია იმ მოწმეთა ვინაობის და საკონტაქტო მონაცემების შესახებ, რომლებიც ადასტურებენ პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების მიღების ფაქტს;
5. იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლოა ინახებოდეს პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. სხვა რაიმე დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც ადასტურებს პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების მიღების ფაქტს.
*ნებისმიერი უცხოენოვანი დოკუმენტი საჭიროებს ქართულ ენაზე თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებას!
• წარმოების ვადა - 1 თვე.
• წარმოება უფასოა
* საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასური შეადგენს 5 ლარს.
• ადმინისტრაციული წარმოების ვადის ათვლა
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, 1-თვიანი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტს გაიტანს 30 კალენდარული დღის მომდევნო სამუშაო დღეს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების საკითხი წყდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის №77/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ! - "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამოცემული ნებისმიერი აქტი (მათ შორის - ატესტატი, დიპლომი) არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.