უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია - ENQA წარმოადგენს ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით შექმნილ ორგანიზაციას, რომელიც ემსახურება ბოლონიის პროცესის ხელმომწერ ქვეყნებში ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის შენარჩუნებასა და ამაღლებას.
ENQA წევრ ორგანიზაციებს უზიარებს ინფორმაციას, გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ღონისძიებებში. 2013 წლის 22 ნოემბერიდან 2019 წლის 25 აპრილამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) აფილირებული ორგანიზაციის სტატუსით სარგებლობდა.
ცენტრმა 2018 წლის თებერვალში ოფიციალურად გააკეთა განაცხადი ENQA-ში გაწევრიანების თაობაზე, ხოლო 21 აგვისტოს წარადგინა თვითშეფასების ანგარიში. 2019 წლის 25 აპრილს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიენიჭა ENQA-ს წევრის სტატუსი, ხუთი წლის ვადით. საბჭომ დაასკვნა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) და აკმაყოფილებს ENQA-ს წევრობის კრიტერიუმებს.
2023 წელს ცენტრმა ENQA-ს სტატუსის განახლების მიზნით წარადგინა თვითშეფასების ანგარიში, რომელშიც აისახა 2019 წლის შემდგომი პერიოდის განვითარების მაჩვენებლები და შედეგები. ანგარიშისა და განაცხადის საფუძველზე, 2023 წლის ოქტომბრის თვეში, განხორციელდა ENQA-ს გარე შეფასება, ექსპერტების ადგილზე ვიზიტით. სტატუსის განახლების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება 2024 წელს.
.