ევროპის რეგიონში უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის (ლისაბონის კონვენციის) იმპლემენტაციისა და ზოგადად, კვალიფიკაციების აღიარების პოლიტიკისა და პრაქტიკის განვითარების ხელშესაწყობად, ევროპის საბჭოსა და UNESCO-ს მიერ შეიქმნა ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელი (ENIC Network) და მისი სამდივნო. აღნიშნული ქსელი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის კავშირის აკადემიური აღიარების ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ქსელთან (NARIC Network).
ლისაბონის კონვენციის რატიფიცირება საქართველომ 1999 წელს განახორციელა და აკადემიური აღიარების ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპულ ქსელში მას სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს. ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის ფუნქციაა აკადემიური აღიარების ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელის წარმომადგენლებისთვის ქართული საგანმანათლებლო სისტემის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო დოკუმენტების შესახებ სანდო და აქტუალური ინფორმაციის მიწოდება.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ასევე თანამშრომლობს აკადემიური აღიარების ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელის წარმომადგენლებთან უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცესშიც.
დამატებითი ინფორმაცია აკადემიური აღიარების ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.enic-naric.net