პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის აკრედიტაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1) სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა;
2) დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა;
3) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
4) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;
5) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელება;
6) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;
7) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის აკრედიტაციის მაძიებლისთვის გაცნობა;
8) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის უკუკავშირის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებთან დაკავშირებით;
9) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;
10) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის აკრედიტაციის მაძიებლისთვის გაცნობა;
11) სააკრედიტაციო განაცხადის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ცენტრში წარმოდგენილი უკუკავშირის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) წევრებისთვის გაგზავნა;
12) აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;
13) ცენტრის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება.
საბჭოს მიერ აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. ამასთან, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის (აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისათვის, პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით შესაბამისობის შემოწმებისათვის, აკრედიტაციის საბჭოს მიერ საკითხის განხილვისათვის ან/და სხვა მსგავსი საფუძვლიდან გამომდინარე) აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ცენტრს ადმინისტრაციული წარმოების
დაწყებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამოაქვს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა
პროგრამის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) თითოეული პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების შევსებული ანგარიში და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;
ბ) სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ცენტრში წარმოსადგენი დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113
(გადახდის დანიშნულება - ,,პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასური").
დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა
ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს სააკრედიტაციო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციას. ცენტრი შესაბამის დაწესებულებას განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
დაწესებულებისათვის ხარვეზის დაუდგენლობის ან დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
თუ აკრედიტაციის მაძიებელი მაძიებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხდის აკრედიტაციის საფასურს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა
აკრედიტაციის საფასურის გადახდის შემდგომ ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრები. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.
აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი აკრედიტაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.
აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების შესახებ დასაბუთებული განცხადება ზემოთ აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. აცილების შესახებ განცხადების დასაბუთება უნდა ემყარებოდეს მოხელის პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით და/ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობას. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ. აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას.
ვიზიტის ხანგრძლივობა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ბრძანებით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლინოს ცენტრის თანამშრომელი.
აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შეფასება
ცენტრი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის შესასწავლ დოკუმენტაციას. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის თვითშეფასების შევსებულ ანგარიშსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და წინასწარ ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.
სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელება
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვიზიტის დროს უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.
აკრედიტაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიურება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.
დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიურება.
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი ვიზიტის ბოლო დღეს აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებას წარუდგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ძირითად მიგნებებს.
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის, სააკრედიტაციო განაცხადსა და/ან მასზე თანდართულ დოკუმენტებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
დასკვნის მომზადება
თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს. დასკვნის პროექტი აღწერს პროგრამის შესაბამისობას აკრედიტაციის სტანდარტებთან.
ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
აკრედიტაციის სტატუსის მაძიებელი დასკვნის პროექტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს უკუკავშირს დასკვნის პროექტში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებთან დაკავშირებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.
უკუკავშირის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან წარუდგენლობის შემთხვევაში, ზემოთ მითითებული ვადის გასვლის შემდგომ, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
ზეპირი მოსმენა
საბჭო აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარმოდგენილი უკუკავშირის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.
ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
დაინტერესებული მხარე და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირ მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.
საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში შესაბამისი დარგის სხვა ექსპერტის, პროფესიული ორგანიზაციის წევრის, სფეროს სპეციალისტისა და სხვა პირთა მოწვევა.
სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს
შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.
ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება აკრედიტაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა სააკრედიტაციო ვიზიტის შემდეგ.
საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები
საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აკრედიტაციის შესახებ;
ბ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
აკრედიტაციის ვადა 5 წელია.
გადაწყვეტილება მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.
ცენტრი აკრედიტებული პროგრამების შესახებ ინფორმაციას აწვდის ბიუროს აკრედიტაციის მინიჭებიდან ერთი კვირის ვადაში, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების მიზნით.