FAQ

ერთობლივი პროგრამები

ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია

ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის შიგნით და გარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც ხარისხის კულტურის გაზიარების/ამაღლების და ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა.
 

ერთობლივი პროგრამები არის უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) მახასიათებელი ნიშანი. ამ პროგრამების შეიქმნის მიზანს წარმოადგენს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა, ერთობლივი სწავლის და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობების ხელშეწყობა, ასევე ხარისხიანი პროგრამების შექმნა.


ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული მიდგომა (European Approach for Quality Assurance of Joint Programmes), რომელიც მიღებულია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) მინისტრების მიერ (ერევნის მინისტერიალი - 2015 წ.), შემუშავებულია ამ პროგრამების გარე ხარისხის უზრუნველყოფის გაადვილებისათვის. იგი განსაზღვრავს სტანდარტებს, რომლებიც ემყარება EHEA–ს შეთანხმებულ ინსტრუმენტებს, დამატებითი ეროვნული კრიტერიუმების გამოყენების გარეშე. მისი მიზანია, რომ ხელი შეუწყოს ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფისადმი ინტეგრირებულ მიდგომებს.

 

ევროპული მიდგომა ძირითადად ემყარება ESG - ს და ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის (QF-EHEA) კვალიფიკაციების ჩარჩოს. ამასთან, ევროპული მიდგომა ითვალისწინებს ერთობლივი პროგრამის განმასხვავებელ მახასიათებლებს და, შესაბამისად, განსაზღვრავს „სტანდარტულ“ მიდგომას ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფისათვის.

 

უმაღლესი განათლების საკანონმდებლო ჩარჩო საშუალებას აძლევს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოში შეიმუშაონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები ევროპული მიდგომის გამოყენებით.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები საკუთარი რესურსების კონსოლიდაციისა და ოპტიმალური განაწილების, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების, რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს და/ან უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ. უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულების პარტნიორობის შემთხვევაში, უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების წესს ინსტიტუციები ერთობლივად ადგენენ.

 

ამავე კანონის მიხედვით, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის პროექტი უნდა შეთანხმდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში - ცენტრი). ცენტრის დირექტორის 2017 წლის 3 თებერვლის №74 ბრძანებით დამტკიცებული „ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმების წესი”, ESG-2015-ზე დაყრდნობით იძლევა რეკომენდაციებს/ადგენს კრიტერიუმებს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ყურადღება გაამახვილონ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის საკანონმდებლო მოთხოვნებზე და ერთობლივი პროგრამის ევროპული მიდგომის სხვადასხვა მახასიათებელზე.

 

ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი მახასიათებელია, რომ სტუდენტი სწავლობს ორ ან მეტ დაწესებულებაში, ხოლო სწავლის წარმატებით დასრულების შედეგად, შესაბამისი დაწესებულებების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სტუდენტს ენიჭება ერთობლივი აკადემიური ხარისხი (ანუ სტუდენტი იღებს ერთ ან რამდენიმე ერთობლივი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დიპლომს). სტუდენტს ეძლევა ასევე დიპლომის დანართი, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი, პროგრამის რომელი ნაწილის შესწავლა მოხდა პარტნიორ უნივერსიტეტებში.



უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება აქვთ 240 კრედიტიან პროგრამებთან ერთად განახორციელონ 180 კრედიტიანი ბაკალავრიატის და არანაკლებ 60 კრედიტიანი მაგისტრატურის პროგრამები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბერის №206/ნ ბრძანებით დამტკიცებულია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესი. ბრძანება ითვალისწინებს აღნიშნულ პროგრამებზე დაშვების წინაპირობებს, ასევე, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების პრინციპებს.

 

არანაკლებ 180 კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება/განხორციელება შესაძლებელია:
 

  • მხოლოდ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად განხორციელების შემთხვევაში.
     
  • გამონაკლისის სახით, არანაკლებ 180 კრედიტიანი სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება ასევე შესაძლებელია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებების მიერ, ამ შემთხვევაში პროგრამის აგების წესს ადგენს ზემოთ მოცემული №206/ნ ბრძანება.
     

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავება/განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის.


EMBA (Executive MBA) არის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც გამიზნულია, ძირითადად, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირებისთვის.

 

"ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმების ფორმა"