როგორ ვთანამშრომლობთ დამსაქმებლებთან

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მნიშვნელოვანია დამსაქმებლების ჩართვა გარე ხარისხის უზრუნველყოფაში. 2018 წლიდან  დამსაქმებლები ჩართულები არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის პროცესებში, როგორც ექსპერტთა ჯგუფის წევრები. 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, დამსაქმებლები წარმოადგენენ ექსპერტთა ჯგუფის მნიშვნელოვან რგოლს. ამასთან, შეფასების პროცესში მათი ჩართულობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება შრომის ბაზარზე. დამსაქმებელთა წარმომადგენლები ასევე არიან ცენტრის საკოორდნაციო საბჭოსა და დარგობრივი საბჭოების შემადგენლობაში, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის საბჭოებში.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის/ პროგრამების აკრედიტაციის პროცესებში ჩართული ექსპერტების ფუნქციებია: 

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად შეფასების პროცესში მონაწილეობა, რაც მოიცავს: 
  • დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საავტორიზაციო/სააკრედიტაციო დოკუმენტაციის შესწავლას; 
  • დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე სტანდარტთან მიმართებით შენიშვნების, მოსაზრებების და კითხვების ჩამოყალიბებას; 
  • საავტორიზაციო/სააკრედიტაციო ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავებაში მონაწილეობას; 
  • საავტორიზაციო/სააკრედიტაციო ვიზიტში მონაწილეობას, რომლის დროსაც უნდა შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიურება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება; 
  • ვიზიტის შემდეგ შეფასების შედეგების განხილვაში, შეჯამებასა და დასკვნის მომზადებაში მონაწილეობას; 
  • შესაბამისი საკითხის განხილვაში ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღებას. 
  • მონაწილეობა ცენტრის მიერ განხორციელებულ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში. 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის/ პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ დამსაქმებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  1. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით ექსპერტს შეიძლება ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და შესაბამის სფეროში მუშაობის გამორჩეული გამოცდილება;
  2. სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  3. ექსპერტთა კორპუსში შეყვანის დროისათვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა;
  4. ინგლისური ენის ცოდნა (აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი დამსაქმებელი ექსპერტის შემთხვევაში - სასურველია ინგლისური ენის ცოდნა);
  5. სასურველია დამსაქმებელ ექსპერტს ჰქონდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშობის გამოცდილება. 

თუ გაქვთ სურვილი სურვილი შემოუერთდეთ ცენტრის ექსპერტების ჯგუფს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (რეკომენდატორი პირის მითითებით) გამოაგზავნოთ მისამართზე eqsperts@eqe.ge და ცენტრის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან.