FAQ

სააპელაციო საჩივარი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებები კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ავტორიზაციის მაძიებელმა/საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში.

 

სააპელაციო საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

 

ა) მიმართვა სააპელაციო საბჭოსადმი;

ბ) სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა/დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;

გ) იმ საბჭოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც საჩივრდება;

დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასახელება;

ე) მოთხოვნა;

ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;

ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული დოკუმენტაციის ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.

 

სააპელაციო საბჭო არ განიხილავს სააპელაციო საჩივარს, თუ:

 

ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლოს წარმოებაშია;

ბ) სააპელაციო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

გ) გასულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის დადგენილი ვადა;

დ) მოთხოვნილი საკითხის განხილვა სცდება სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებს.

 

სააპელაციო საბჭო სააპელაციო საჩივარის მიღების ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

სააპელაციო საბჭო ვალდებულია სააპელაციო საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს საჩივრის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.

 

სააპელაციო საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

 

ა) ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ;

ბ) ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოებისთვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

 

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში.

ავტორიზაციის საბჭოსთვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო განიხილავს საკითხს ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.