22 სექტემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა დარგობრივი საბჭოების საინფორმაციო სემინარი თემაზე: „დარგობრივი საბჭოების წევრთა შესაძლებლობების გაძლიერება მათი როლისა და ფუნქციების, პროფესიული სტანდარტების განხილვა-შეფასების საკითხებში და პროფესიული კვალიფიკაციების განვითარება/განახლების მეთოდოლოგიაში“. სემინარი ორგანიზებულია პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
სემინარი მიზნად ისახავს გააცნოს საბჭოს წევრებს პროფესიული სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის/მოდულების სტრუქტურა, და შექმნის მეთოდოლოგია, მიაწოდოს ინფორმაცია ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს პროფესიულ საფეხურის აღმწერებსა და სწავლის სფეროებთან დაკავშირებით. სემინარის მონაწილეები დამატებით გაეცნენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რათა შეექმნათ ნათელი წარმოდგენა იმ პროცესებზე, რომელიც დაგეგმილია, მიმდინარეობს ან განხორციელდება უახლოს მომავალში პროფესიული განათლების მიმართულებით ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად.
გარდა დარგობრივი საბჭოების წევრებისა, სემინარში მონაწილეობდნენ პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა გაერთიანების, დასაქმებულთა გაერთიანებების, დარგობრივი სამინისტროებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს პროფესიული განათლების სფეროში დარგობრივი საბჭოების გაფართოებულ როლსა და ფუნქციებზე, საბჭოების განვითარების სამომავლო სტრატეგიაზე, დარგობრივ საბჭოებსა და სოციალურ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
სემინარზე მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგობრივი საბჭოების წარმატებულ ფუნქციონირებას.