პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა გასული წლიდან დაიწყო. მიმდინარე წელს კი დუალური სწავლების მიდგომებით პროფესიული პროგრამების პილოტირება დაიწყო. რეფორმის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამების, არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავს.
29 და 30 ოქტომბერს, ქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პირველი შეხვედრა კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“, პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟის“ და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ პირველად იწყებს დუალური პროგრამების განხორციელებას მევენახეობა-მეღვინეობის და მეცხოველეობის მიმართულებით, რომელთა სწავლებაშიც რეგიონის თხუთმეტამდე მსხვილი კომპანიაა ჩართული.