განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სკოლის მოსწავლეებისათვის საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების შეთავაზება სკოლებისა და კოლეჯების ურთიერთთანამშრომლობით.
ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის, სკოლაში სწავლის პარალელურად, ხელმისაწვდომი იქნება მათთვის საინტერესო პრაქტიკული პროფესიული კურსები.
დარგის სპეციალისტების, ფსიქოლოგების, პროფესიული ორიენტაციის სპეციალისტებისა და განათლების სფეროს სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობით მომზადდა 4 ადაპტირებული მოდული: ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება, ცხოველების მოვლა, მებაღეობა და სანტექნიკური სამუშაოების წარმოება. ასევე, მომზადდა გზამკვლევები მასწავლებლებისათვის, რომელიც მათ კურსის წარმართვაში დაეხმარება.
7 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება ტრენინგები პროფესიული სასწავლებლების ადმინისტრაციისა და მათი პარტნიორი სკოლებისათვის, რათა ისინი უკეთ გაეცნონ პროგრამის სპეციფიკასა და მუშაობის მეთოდებს.