2 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრა მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა. შეხვედრას ესწრებოდნენ აღიარების კომისიის წევრები და კონსულტანტები, ასევე, წარმომადგენლები იმ პროფესიული სასწავლებლებიდან, რომლებშიც პროგრამის პილოტირება მიმდინარეობს.
შეხვედრაზე წარმოადგინეს მაძიებლების დოკუმენტები და შედგენილი პორტფოლიოები, განიხილეს კონკრეტული შემთხვევები. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს კონსულტაციები არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირების შეფასების განსახორციელებელ პროცესთან და პორტფოლიოსთან დაკავშირებით.
არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში წელს განხორციელდება და მოიცავს ორ სფეროს - სოფლის მეურნეობას (გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით) და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ათასწლეულის ფონდის მხარდაჭერით).
არაფორმალური განათლების აღიარება დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ ფორმალური განათლებისგან დამოუკიდებლად, არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის აღიარება და მიიღონ სრული პროფესიული კვალიფიკაცია ან დააგროვონ კრედიტები კვალიფიკაციის სამომავლოდ მისაღებად.