15 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირებასთან დაკავშირებით მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის თანამშრომლები, აღიარების კომისიის წევრები და კონსულტანტები. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში კონსულტანტებმა წარმოადგინეს პორტფოლიოების საბოლოო მოდიფიცირებული ვერსიები, რომლებიც დაეფუძნა 2016 წლის 2 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართული სამუშაო შეხვედრისას აღნიშნულ რეკომენდაციებს.
ამავე შეხვედრის ფარგლებში კომისიის წევრებს გაეწიათ კონსულტაცია აღიარების პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს კონკრეტული შემთხვევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეფასდეს განათლების აღიარების მსურველი პირების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დამყარდეს სწავლის შედეგებთან შესაბამისი კავშირი. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს შეფასების მეთოდებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი შეფასების ფორმებზე, რომელთა გამოყენებაც იგეგმება შეფასების პროცესში.
მხარეებმა განსაზღვრეს სამომავლო ნაბიჯები და შეჯერდნენ კომისიის შეკრების თარიღზეც.
არაფორმალური განათლების აღიარებისათვის საჭირო მასალები, როგორც მეთოდოლოგიური, ასევე პილოტირების პროცესთან დაკავშირებული, მომზადდა MCA_G პროექტის ფარგლებში „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“.