FAQ

არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება წარმატებით მიმდინარეობს

29 ნოემბერი 2016


საზოგადოებრივ კოლეჯებში „აისი“ (კაჭრეთი) და „ოპიზარი“ (ახალციხე) არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება წარმატებით მიმდინარეობს. 19 და 20 ნოემბერს „აისსა“ და „ოპიზარში“ გაიმართა არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისიების შემაჯამებელი სხდომები. კომისიებმა არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველთათვის მათ მიერ არაფორმალურ გარემოში მიღებული განათლების აღიარების საკითხებზე იმსჯელეს.

არაფორმალური განათლების აღიარებისათვის საჭირო მასალები, როგორც მეთოდოლოგიური, ასევე პილოტირების პროცესთან დაკავშირებული, მომზადდა MCA_G პროექტის ფარგლებში „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“.

აღსანიშნავია, რომ მაძიებლებმა პილოტირების პროცესი დადებითად შეაფასეს და მის უპირატესობებზე გაამახვილეს ყურადღება. მაძიებლებთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ აღიარების პროცესის ყველაზე დიდი სარგებელი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ზრდასრულ ადამიანებს საშუალება აქვთ, არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის და უნარების აღიარება შეძლონ და მიიღონ შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებაში.

პილოტირების პროცესში ჩართული მაძიებლები სამომავლოდ გეგმავენ მათი ცოდნის გაფართოებას და სურთ შესაბამისი პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული სწავლის ყველა შედეგის დადასტურება. მაძიებლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს აღიარების პროცესის იმპლემენტაცია, რაც ბევრ დაინტერესებულ პირს მისცემს ამ მეტად სასარგებლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას.

არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება წარმატებით მიმდინარეობს