7-9 დეკემბერს სლოვაკეთმა ევროკავშირის პრეზიდენტობის ფარგლებში ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფების ანგარიშები, ბოლონიის პოლიტიკის კონცეფცია 2018 წლისათვის, ბოლონიის სამდივნოს სამომავლო ფუნქციები. ჯგუფის წევრებმა, ასევე, იმსჯელეს „ბოლონიის პროცესის ვალდებულებების განუხორციელებლობის შესახებ“ მრჩეველთა ჯგუფის მიერ მომზადებულ წინადადებაზე, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებთან ეტაპობრივი დიალოგის წარმართვას ბოლონიის პროცესის განხორციელების ხელშესაწყობად. დისკუსია გაიმართა თემატურ საკითხებზე აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის შესახებ, თუ რამდენად სწორადაა გაგებული დაინტერესებული მხარეების მიერ (მაგ.: განათლების პოლიტიკის განმახორციელებლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები) ეს ღირებულებები და მათ როლზე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის განვითარებაში. ჯგუფის წარმომადგენლებმა ამ საკითხებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ რეკომენდაციების მომზადება მოითხოვეს.