FAQ

შეხვედრა EFQM მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით

14 თებერვალი 2017

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით აგრძელებს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) სრულყოფის მოდელის დანერგვას. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლებმაც უკვე დაიწყეს აღნიშნული მოდელის დანერგვა თავიანთ დაწესებულებებში. შეხვედრას ესწრებოდნენ: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ასევე „საქართველოს ბიზნეს აკადემიის-SBA" , „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“, „ახალი ტალღის“, „ოპიზარის“, „აისის“, „სპექტრის“, „გეორგიას“,„ფაზისის“, „ბლექსის“, „იკაროსის“ წარმომადგენლები.

კოლეჯების წარმომადგენლებმა, რომლებმაც 2015 წელს გაიარეს ვალიდაცია და მოიპოვეს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) აღიარება („ახალი ტალღა“, „ოპიზარი“, „საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA“, „გეორგია“, „სპექტრი“) აღნიშნეს, რომ ამ მოდელის დანერგვამ ხელი შეუწყო მათ გაეუმჯობესებინათ შიდა პროცესები,  პედაგოგებსა და კოლეჯების ადმინისტრაციას შესძინა პროექტებზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.

იმ პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებმაც ახლა დაიწყეს ხარისხის მართვის მოდელის დანერგვა („აისი“, „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“, „ფაზისი“, „ბლექსი“, „იკარუსი“), ისაუბრეს საკუთარი პროექტების განხორციელების ეტაპებზე. აღნიშნული კოლეჯები EFQM ვალიდაციას წლის ბოლომდე გაივლიან და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში ადმინისტრაციასთან ერთად ჩართული იქნება მათი ყველა პედაგოგი.

EFQM მოდელი ეფუძნება ურთიერთთანამშრომლობას და საშუალებას აძლევს კოლეჯებს გაუზიარონ ერთმანეთს კარგი გამოცდილება და წარმატებული პროექტები.

შეხვედრა EFQM მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით