განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ევროპის განათლების ფონდის“ (ETF) წარმომადგენლის, განათლების ექსპერტის ედუარდა კასტელ-ბრანკოს ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს თავსებადობადა განსხვავებები ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროფესიული კრედიტის მნიშვნელობის, მისი შემუშავებისა და დანერგვის მეთოდოლოგიის შესახებ. ასევე, აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული კრედიტი პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფისთვის - კვალიფიკაციების აღიარებისა და მობილობისას.
დღის ბოლოს მხარეებმა სამომავლო საქმიანობის გეგმები განსაზღვრეს. დაიგეგმა პროფესიული კრედიტის დანერგვის, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს თავსებადობის კრიტერიუმების დადგენის, თავსებადობის ეტაპების გასაზღვრის და პროფესიული კრედიტების დანერგვის მეთოდოლოგიის განხილვის საკითხები.
განათლების ექსპერტთან, ედუარდა კასტელ-ბრანკოსთან შეთანხმებით შეხვედრები გაიმართება ყველა დაინტერესებულ მხარესთან საგანმანთლებლო დაწესებულებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან, განათლების ექსპერტებსა და დონორ ორგანიზაციებთან. მათ წარედგინებათ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ახალი პროექტი და მისი დანერგვის ხელშეწყობის აქტივობები.