პირველ და 2 მაისს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „უმაღლესი განათლება – ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები“, HENTI-2017. საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ქუთაისის მერიისა და ERASMUS+-ის საქართველოს ეროვნული ოფისის, საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების, გერმანიის, ბელგიის, ინგლისის, ჩეხეთის, იტალიისა და ამერიკის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება გახსნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ. ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სესიებში „აკრედიტაცია/ავტორიზაცია და ხარისხის უზრუნველყოფა განათლებაში“ და „დუალური და მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების იმპლემენტაცია-პრობლემები და პერსპექტივები“. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორმა ქეთევან ციხისელმა ისაუბრა მოდულური/დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარების კოორდინატორმა ნინო ხითარიშვილმა მიმოიხილა ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები პროფესიულ განათლებაში.
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ლაშა მარგიშვილმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სამმართველოს უფროსმა, ქეთი ცოტნიაშვილმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე „ხარისხის უზრუნველყოფა და მისი გავლენა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებაზე“.
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სამმართველოს უფროსმა, მაია გელაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე „სტუდენტის სწავლის შედეგების შეფასება“.