პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს

1 მაისი 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, 28 აპრილს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევების განხილვის მიზნით.

გზამკვლევების განხილვას ესაწრებოდნენ პილოტირებაში ჩართული პროფესიული სასწავლებლების - საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

გზამკვლევები მომზადებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი გზამკვლევები: კომუნიკაცია ქართულ ენაზე, მეცნიერება და ტექნოლოგიები, მათემატიკური წიგნიერება და მოქალაქეობა. ავტორებმა ისაუბრეს მოცემული აქტივობებისა და მეთოდოლოგიური საკითხების შესახებ და მასწავლებლების კითხვებს უპასუხეს.

გზამკვლევების მომზადების შემდეგ პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების პილოტირების პროცესი დაიწყება.
გზამკვლევები მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ხელმოწერილი საგრანტო პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“ - ფარგლებში და მიზნად ისახავს პედაგოგების მხარდაჭერას „ინტეგრირებული მოდულების“ სწავლების პროცესში.

პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს