FAQ

რექტორთა საბჭოზე თამარ სანიკიძემ ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები წარმოადგინა

19 მაისი 2017

რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მონაწილეობით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტში გაიმართა. სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.

რექტორთა საბჭოს სხდომაზე თამარ სანიკიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია ავტორიზაციის განახლებული პროცედურებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების შესახებ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ისაუბრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ექსპერტთა კონკურსის შესახებ, რომელშიც კანდიდატები განახლებული სტანდარტების შესაბამისი კომპეტენციების მიხედვით შეირჩნენ. ექსპერტთა კორპუსი შედგება უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი განათლების და აკრედიტაციის კვალიფიციური ექსპერტებისგან, მათ შორის არიან სტუდენტები და დასაქმების ბაზრის ექსპერტები. დაგეგმილია მათი მომზადება და ატესტაცია.

თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესში ხელმისაწვდომი გახდება უცხოელი ექსპერტების მიერ შექმნილი სახელმძღვანელო. მასში მოცემული კონკრეტული მაგალითებით დეტალურად იქნება აღწერილი ექსპერტთა საქმიანობის თითოეული ეტაპი, ერთგვაროვანი და თანმიმდევრული შეფასების პრინციპები. ექსპერტთა ჯგუფი მოამზადებს ტერმინების განმარტებების და სარეკომენდაციო და თვითშეფასების სახელმძღვანელოებსაც, მათ შორის იქნება ENQA-ს პუბლიკაცია ხარისხის შიდა მართვის შესახებ. სახელმძღვანელოების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით პერიოდულად მოეწყობა შეხვედრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. ხუთშაბათი დღე გამოცხადდება საკონსულტაციო დღედ და დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

ცენტრის დირექტორმა ისაუბრა პილოტირების ვადებსა და საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების შესახებ, შეფასების პროცესში საერთაშორისო ექსპერტის ჩართვისა და საკვანძო დოკუმენტაციის ორ ენაზე მომზადების საჭიროების შესახებ.

პილოტირებაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოხატა 17-მა დაწესებულებამ, საიდანაც შეირჩევა მხოლოდ 3 - საჯარო, კერძო და რეგიონში მდებარე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
„ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანი გარდატეხა იქნება განათლების ხარისხის ასამაღლებლად. ეს არის რთული, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯი. სტანდარტების დანერგვა ამ საქმეში სახელმწიფოს აკისრია მნიშვნელოვანი როლი - მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს დაწესებულებებს განახლებულ სტანდარტების დანერგვაში. პილოტირების რეჟიმში დაგეგმილი გვაქვს დაწესებულებების მხარდამჭერი ღონისძიებები, კონსულტაციები, გამოყოფილია ფულადი რესურსები“, - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.


რექტორთა საბჭო ყოველთვიურად იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, რექტორთა საბჭო ყოველ ჯერზე სხვადსხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმართება, რაც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს უშუალოდ გაეცნონ სხვა უნივერსიტეტების სასწავლო გარემოს, მათი სწავლების მეთოდებს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.

რექტორთა საბჭოზე თამარ სანიკიძემ ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები წარმოადგინა