განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ინგა შამილიშვილს შეხვდა. შეხვედრის მიზანი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების გახნილვა იყო.
თამარ სანიკიძემ ისაუბრა შეცვლილი უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების სისტემის, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და სტანდარტების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები შესაბამისობაში მოვიდა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან. „განახლებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები წარმოადგენს წინაპირობას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის შემდგომი ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებისთვის. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისადმი ნდობის ამაღლებას, ინტერნაციონალიზაციასა და ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, - აღნიშნა სანიკიძემ.
განახლებული მექანიზმების დასანერგად შერჩეულ 3 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდება პილოტირება უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. პილოტირებისთვის შერჩეულ დაწესებულებებს შორის ერთ-ერთია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მხარეებმა ისაუბრეს იმ ხელშემწყობი მექნიზმების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოიყენებს დაწესებულების მხარდასაჭერად საპილოტე შეფასების დასრულების შემდეგ.